ოჯახს, რომელიც დიღმის მასივში სახლიდან კერძო მევახშის მოთხოვნით გაჰყავთ, მერია მაქსიმალურად დაეხმარება, - ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ თბილისის მერიაში განუცხადეს.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შესახებ საქმის კურსშია პირადად კახა კალაძე, რომლის მითითებით საქმეში ჩართულია დიდუბის გამგეობა. გამგებელი პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებას კერძო მევახშესთან, რათა გადავადებულიყო აღსრულების პროცესი, თუმცა იპოთეკარმა ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.
მერიაში ამბობენ, რომ ოჯახს ქირით სხვა ფართში გადაიყვანენ. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ოჯახი არის კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული, მერიამ უკვე გასცა წერილობითი შუამდგომლობა მათი დროული დაკმაყოფილების შესახებ.