logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ყველას უნდა მივაწვდინოთ ხმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით
- +

20 ნოემბერი. 2019. 11:42

 

„როგორც ჟურნალისტი, ასევე ექიმი არის ხელშეუხებელი, რაც არ უნდა ცხელი წერტილი იყოს“, - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა და ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს გამოეხმაურა.

 

„ჩემი, თქვენი და ყველას ვალია, გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა და საშუალება, რათა გამოვუცხადოთ თანადგომა და მხარდაჭერა ჩვენს მეგობარს, პროფესიონალ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც არის უკანონოდ დაკავებული საოკუპაციო რეჟიმის მიერ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველას მივაწვდინოთ ხმა, მის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით. მე მგონი, ყველამ ვიცით და ამაზე არ გავჩერდები, თუმცა გავიმეორებ: როგორც ჟურნალისტი, ასევე ექიმი არის ხელშეუხებელი, რაც არ უნდა ცხელი წერტილი იყოს. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ ყველა სამსახური, შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მისი გათავისუფლება. თვითონ ვაჟა ექიმს რაც შეეხება, კარგად გრძნობს თავს, არანაირი პრობლემა არ აქვს ფიზიკურად, ყველანაირად არის ნორმალურად, თუმცა, ვიმეორებ, ჩვენი სამინისტროები და სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად იქნეს გათავისუფლებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner