„ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ჩვენი პარტნიორების რჩევას, მათ მოსაზრებას, რომ შევხვედროდით ოპოზიციას. ხელისუფლება მზად არის ამ შეხვედრისთვის. მოვისმენთ რა წინდადადებები და არგუნეტები აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს და ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნებას. ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსაზრებები, ჩვენი პოზიციები, თუმცა დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოხდეს არგუმენტების გაცვლა“, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მმართველი პარტიის და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებთან გააკეთა.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა ოპოზიციას, პროცესების პოლიტიკურ და კონსტრუქციულ ფარგლებში დაბრუნებისკენ, ამჟამად კი ხელისუფლებამ გაითვალისწინა საერთაშორისო პარტნიორების რჩევა და შეხვედრისთვის და ოპოზიციის მხრიდან არგუმენტების მოსმენისთვის სრული მზადყოფნა გამოხატა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოპოზიციას, დაბრუნებულიყვნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, ოპოზიციის ნაწილი აგრძელებდა დღემდე დესტრუქციულ მოქმედებებს. ჩვენ ვფიქრობთ იმაზეც, რომ მივცეთ ოპოზიციას ნებისმიერი დრო, თუ ისინი ფიქრობენ, რომ დესტრუქციით და პიკეტირებით არის შესაძლებელი პოლიტიკის კეთება, რაიმე შეთანხმების მიღწევა. თუმცა, ამ შემთხვევაში გავითვალისწინეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რჩევა და მზად ვართ ამ შეხვედრისთვის. მზად ვართ მოვუსმინოთ ოპოზიციას, რა წინადადებები და რა არგუმენტები აქვთ. გვესმოდა სხვადასხვა მოდელებზე ამ დღეებში საუბარი, ახლა, ამ ფორმატში შესაძლებელი იქნება კონკრეტული არგუმენტების განხილვა.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს 2020 წლის არჩევნებისთვის ქვეყანა მოვამზადოთ. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას შევასრულებთ, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, თავისუფლად და სამართლიანად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.