პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ პოლიტიკური პროცესები ქუჩიდან პარლამენტში დაბრუნდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სასტუმრო „ბილტმორში“ განუცხადა, სადაც მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა მიმდინარეობს.
„ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ჩვენი პარტნიორების რჩევას, მათ მოსაზრებას, რომ შევხვედროდით ოპოზიციას. ხელისუფლება მზად არის ამ შეხვედრისთვის. მოვისმენთ, რა წინადადება აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს და ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნებას. ჩვენ აქამდეც არაერთხელ მივმართეთ ოპოზიციას, რომ პოლიტიკური პროცესი უკან პარლამენტში დაბრუნებულიყო, კონსტრუქციულ ფარგლებში და დღეს როგორც ხედავთ, ეს შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგება“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, წინ 2020 წლის არჩევნებია და ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ქვეყანა არჩევნებისთვის მოამზადოს.
„წინ გვაქვს 2020 წლის არჩევნები და უნდა მოვემზადოთ ამ არჩევნებისთვის და ამისთვის მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ აიღოს პასუხისმგებლობა და ჩაერთოს ამ პროცესში, რასაც ჰქვია დემოკრატიული არჩევნებისთვის მომზადება. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ჩვენ ამას გავაკეთებთ, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად და სამართლიანად", - აღნიშნა თალაკვაძემ.
კითხვაზე, როგორი წესით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები, თალაკვაძემ უპასუხა, რომ პარლამენტში კენჭისყრის შემდეგ მოქმედებს შერეული მოდელი.