შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით მიმდინარე 18-დღიანი საინფორმაციო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ამავე კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული ესსეების კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
პირველ სამ ადგილზე გასულ ავტორებს „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. ასევე, დაჯილდოვდა ჟიურის სამი რჩეული კონკურსანტი, რომლებსაც სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.
გამარჯვებულები შინაგან საქმეთა მინისტრის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა დააჯილდოვეს.
ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები დაათვალიერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს 18-დღიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.
საინფორმაციო კამპანია 18 დღის განმავლობაში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, შვედეთის მთავრობის დაფინანსებითა და გაერო-ს პროგრამის - „გენდერული თანასწორობისათვის“ - ფარგლებში განხორციელდა.