„იმ პოლარიზაციის და ნდობის დაკარგვის აღმოსაფხვრელად, რომელიც ბოლო დროს ვიხილეთ, ძალიან სასარგებლო დიალოგი გაიმართა, რითაც ბედნიერი ვარ“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა სასტუმრო „ბილტმორში“ ოპოზიციის, ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩემი მოლოდინი არ იყო, რომ ჩვენ საბოლოო დასკვნებს გავაკეთებდით ამ შეხვედრის დროს. ამ შემთხვევაში მე რეალისტი არ ვიქნებოდი. ჩემი მოლოდინიც ის იყო, რომ მხარეებს მეტად გაეგოთ ერთმანეთის, თუ რა არის ძირითადი მოთხოვნები და იმედია, ეს შეხვედრა გახსნის სამომავლოდ კარს. არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და შეხედულებები ამ დიალოგის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ ზედმეტ დეტალებში თუ არ შევალ, ჩემთვის დამაკმაყოფილებელია, რომ დიალოგი შედგა. ვფიქრობ, რომ შეთანხმება დიალოგის გაგრძელებაზე გვაჩვენებს, რომ ჩვენ სერიოზული პროცესი გვაქვს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.