„როდესაც ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაში დარწმუნდა, ზოგად იდეებზე გადაერთო. ერთმანეთშიც არ ჰქონდათ ეს იდეები შეთანხმებული“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, კონსტიტუციაში არანაირი ცვლილება არ განხორციელდება.
„მსჯელობა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებთან გვქონდა. ზოგადად, რამდენიმე თემა გამოიკვეთა. ჩვენი მხრიდან აღინიშნა, რომ რაიმე ტიპის საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების რესურსი არ არსებობს. ყველა ხედავს, რომ არარეალისტურია რაიმე ტიპის საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება. სწორედ ამიტომ ისინი ისეთ მოდელს გვთავაზობენ, რომელიც მათი თქმით, კონსტიტუციასთან თავსებადია. ჩვენ „გერმანულ მოდელზე“ მსჯელობა გვქონდა და ამ დისკუსიის განმავლობაში ყველამ დაინახა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. როდესაც ამაში დარწმუნდნენ, ამის შემდეგ ოპოზიცია გარკვეულ ზოგად იდეებზე გადაერთო. ერთმანეთშიც არ ჰქონდათ ეს იდეები შეთანხმებული. ამ იდეებზე თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორისაც იყო წინააღმდეგობა.
კონსულტაციები გაგრძელდება და თუ შეძლებენ რაიმე ისეთი წინადადების წარმოდგენას, რომელიც კონსტიტუციასთან თავსებადია, შეგვიძლია განვიხილოთ.
ჩვენი მხრიდან შეთავაზების გაკეთებას არ აქვს საფუძველი. ოპოზიციამ უნდა გააკეთოს ასეთი შეთავაზება. ისინი არიან იმ ვითარებაში, როდესაც მათ უნდა მოიფიქრონ გამოსავალი მათი მდგომარეობიდან. შესაბამისად, წინადადებას მათგან დაველოდებით“, - განაცხადა კობახიძემ.