„ის, რაც რუსეთმა გააკეთა, სიგიჟეა, მაგრამ ჩვენ თუ კედელს ავაშენებთ და სიძულვილის ენას გამოვიყენებთ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა, მდგომარეობა არასოდეს შეიცვლება“, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „Bloomberg“-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს შეეხო.
„Bloomberg“ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ბოლო თვეების განმავლობაში თბილისში განვითარებული მოვლენები მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსა და მის „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ღამის კოშმარად გადაექცა.
სტატიაში ნათქვამია, რომ ივანიშვილმა, რომლის ქონებაც 5.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, გადადგა ნაბიჯები, რომლითაც საქართველოს მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისა და ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამართვისკენ უბიძგა. თანაც ეს ხდება მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნებამდე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი.
გამოცემასთან ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ჯანსაღი და არა დესტრუქციული ძალებია საჭირო.
„მე განზე გავდგები, როდესაც დავინახავ, რომ ქვეყანაში ძალაუფლებისთვის ჯანსაღი ძალები იბრძვიან“, -აცხადებს ივანიშვილი.
ივანიშვილმა „Bloomberg“-თან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ქვეყანაში საკონცერტო დარბაზების, მუზეუმების, ბოტანიკური ბაღებისა და ეკლესიების მშენებლობაში უკვე 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა.