ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ზაქარიას ფანდი
----
რაღა დაგიმალოთ და, - კობახიძე უფრო მაგარი კონსტიტუციონალისტია, ვიდრე უსუფაშვილი.
არც იმას დაგიმალავთ, რომ გერმანიის კანონმდებლობა კობახიძემ უფრო კი არა, ზედმიწევნით იცის!
ჰოდა, დღევანდელ შეხვედრაზე კობახიძე ცივსისხლიანად დააჭედებს ოპონენტებს და მათაც აღარაფერი დარჩებათ ყვირილის გარდა: „მაკააარ, მოგვატყუეეეს!..“
გერმანული მოდელი არა, ფრანგული! კონსტიტუცია წაიკითხეთ!
პირდაპირ თქვით, რომ საუბარია მანდატების განაწილებაზე და გერმანული მოდელი არაფერ შუაშია.
გერმანულს ნუ არქმევთ მოდელს, რომელიც სინამდვილეში გერმანული არ არის, ეს არის ქართული მოდელი, რომლითაც ცდილობთ, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით, „ქართულ ოცნებას“ ნაწილობრივ მაინც წაართვათ ძალაუფლება და მომავალ პარლამენტში თქვენთან ვაჭრობა აიძულოთ. „ოცნებაში“ არც კი განიხილავენ, რომ ამ „შეშანიშნავ ოპოზიციასთან“ ვაჭრობა დასაშვებია (ივანიშვილმა მათ უკვე უწოდა „ქუჩის ოპოზიცია“ და ამასაც მიაქციეთ ყურადღება).
მაგალითად, თქვენი მოდელით, თუ „ქართული ოცნება“ 2016 წლის მსგავსად „იყოჩაღებს" და კვლავაც 71 მაჟორიტარს გაიყვანს, პროპორციულად ვეღარაფერს მიიღებს, - პროპორციულ 77 მანდატს მთლიანად სხვა, ასევე ბარიერგადალახული პარტიები გადაინაწილებენ.
მაგრამ რა ვუყოთ კონსტიტუციის 37-ე მუხლს, რომელშიც წერია: „თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები“.
ვიმეორებ: დღევანდელი კონსტიტუციით, 73 მაჟორიტარული და 77 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი გვყავს. 73 მაჟორიტარს ვერავინ შეეხება. საუბარია 77 მანდატის განაწილებაზე.
დავუშვათ, „ოცნებამ“ მართლაც მოიგო 71 მაჟორიტარული ოლქი და, ამავდროულად, პირველ ადგილზე გავიდა, მაგრამ მაჟორიტარებმა გადაფარეს პროპორციულად არჩეულები „მეოცნებეები“. ასეთ დროს გაუნაწილებელი მანდატებიც გადაიფარება „ოცნებისთვის"? თუ გადაიფარება, დაირღვევა კონსტიტუციის 37-ე მუხლის მოთხოვნა. თუ არ გადაიფარება, ამ გზით მაინც გახდება პარლამენტის წევრი რამდენიმე „მეოცნებე“ პროპორციული სიიდან.
სინამდვილეში, ოპოზიცია „ოცნებას“ სთავაზობს, - ან მაჟორიტარები დათმოს, ანდა პროპორციული სიით არჩეულები.
აი, რატომ დათმობს?! თქვენ დათმობდით?! არ მითხრათ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. ეს არის ვირტუალური კრიზისი, რომელიც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შექმნეს ტელემედიით.
ნაცხელისუფლებას უმტკივნეულოდ შეეძლო, მთლიანად პროპორციული სისტემით ჩაეტარებინა 2012 წლის არჩევნები. რატომ არ ჩაატარა?!
„ოცნებასაც“ შეეძლო, 2020 წლის არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩაეტარებინა. რატომ არ ატარებს?!
პასუხი ორივე შემთხვევაში ერთი და იგივეა: იმიტომ!
მოკლედ, ყველა ხვრელს რომ მოსინჯავთ, მაინც კონსტიტუციასთან მიხვალთ. კონსტიტუციაში ერთი სიტყვის შეცვლაც კი შესაძლებელია მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობით.
აქამდე ასე იყო და, აბა, თქვენ იცით, დაეჯახეთ ერთმანეთს „ნათელი შუბლებით“!
„ქართულმა ოცნებამ“ წკიპზე იმიტომ მიიყვანა საქმე, რომ ეთქვა, ვადები გასულიაო.
უსუფაშვილი მუდმივად იმეორებდა, რომ საფრთხე არსებობდა, მაგრამ არავინ მოუსმინა.
ახლა კი უსმენენ, მაგრამ რაღა დროს?!
ახლავე მოგახსენებთ:
გეხსომებათ, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტს დატოვებდა. პატივცემულმა ზაქარიამ განცხადება მოგვიანებით დაწერა და „მის“ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება გამორიცხა.
ასე მოიქცა „ქართული ოცნებაც“, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის დროს ზაქარიას ფანდი გამოიყენა და ყველა ფაქტის წინაშე დააყენა“, - წერს მძინარაშვილი.