ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რატომ ჰგონია ვინმეს, რომ აგრესიით და ბილწსიტყვაობით მიაღწევს საწადელს, არ ვიცი... რამეს შემატებს მიტინგზე მიკროფონში შეგინება და შუა თითის ვინმესთვის დანახება? ამ ყოველივეს კი მასა ტაშს უკრავს, რომელიც ზოგი პედაგოგი და მასწავლებელია და ზოგიც სერიოზული პროფესიის მქონე ადამიანი, ღირსება, კულტურა და ზნეობა დაკარგეს და თავადაც ვერ გრძნობენ. ესაა მათი უბედურება და საცოდაობა!
„ჩემი სიმართლე ჩემი მტერია“! განაცხადა ნაზი შამანაურმა და არნახული მაგალითი გვიჩვენა, როგორც უნდა ემსახუროს ჟურნალისტი და ზოგადად ყოველი ადამიანი სიმართლეს თავისი კალმით, პროფესიით, უკომპრომისოდ, თავისი კულტურით და შეგნებით!
მერაბ კოსტავამ თორმეტი წელი ისეთ ციხეებსა და კოლონიებში გაატარა, „კაი ბიჭებს“ რომ არ დასიზმრებიათ და არავის უნახავს, საჯაროდ უცენზურო სიტყვა წარმოეთქვას, დააგუგუნა: კართაგენი უნდა დაინგრეს! და თავისი დიდი სიმართლით დაანგრია!
მამულიშვილნო! წამოიძახებდა ზვიად გამსახურდია და მართლა მამულიშვილი უნდა ყოფილიყავი, რომ შეგეგრძნო ის პატრიოტული სიმხურვალე, რომელიც ერისკაცის მისალმებიდან, მისი საუბრიდან მოდიოდა... და ამ სიმართლეს გაჰყვა დიდი ლეგიონი მხედრებისა მეუფე ამბროსი ქათამაძიდან დაწყებული და უინტელიგენტესი ქალბატონის - ოპერის ცნობილი მომღერლის მაია თომაძით დამთავრებული!
ჩოხოსანი მიხეილ დიდებულიძე და პეტერბურგში განათლებამიღებული ყველასათვის ცნობილი ბაბუ - მელორ წურწუმია! მოღალატე ქართველთაგან დაცხრილული გოგი გაბროშვილი და „დემოკრატების“ მიერ მკლავმოკვეთილი ვახტანგ ნოდია! ნაქსოვი ჯვრიანი ჯემპრით გოჩა ესებუა და ასევე ცნობილი მოცეკვავე ლატავრა ფოჩიანი! აი, მაგალითნი კულტურის, ზნეობის, სიკეთის, სიყვარულის და პატრიოტიზმის! მათთან ერთად სიკვდილიც ღირდა და სიცოცხლეც! ისინი თავად იყვნენ ჩვენი სამშობლოს ჭირისუფალნი და მაცოცხლებელნი!
ძალიან ბევრი იყვნენ, ბევრზე დამიწერია, ყოველდღიურად ვიხსენებ, ძალიან დიდი ლეგიონია მამულიშვილების, რომელთაც უკვე ზეციური საქართველო ჰქვიათ!“ - წერს შონია.