logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ე.წ. გერმანულ მოდელთან მიმართებაში ოპოზიციამ მიიღო „შამათი ორ სვლაში“
- +

2 დეკემბერი. 2019. 18:26

 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შედგება თუ არა საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციასთან მორიგი შეხვედრა, ეს ოპოზიციაზეა დამოკიდებული.

 

მისი განმარტებით, თუ ოპოზიცია მოახერხებს, რაიმე წინადადებაზე შეჯერდეს, შეხვედრა შედგება.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, 30 ნოემბერს, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის რესურსი არ არსებობს, რაზეც არსებული რეალობის გათვალისწინებით ოპოზიციის წარმომადგენლებიც დაეთანხმდნენ.

 

რაც შეეხება „გერმანულ მოდელს“, ირაკლი კობახიძის თქმით, „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით ძალიან ცხადად გაირკვა, რიმ ის პირდაპირ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან.

 

„ანუ იქ, რეალურად, მოხერხდა ერთუცნობიანი განტოლების ამოხსნა. ოპოზიციის წარმომადგენლები, ბუნებრივია, ამას საჯაროდ ვერ იტყვიან, თუმცა, როდესაც ერთსა და იმავე კითხვას ხუთჯერ სვამ და არ გპასუხობენ, იციან, რომ მიიღებენ შამათს ორ სვლაში. იქ ბუნებრივია, ყველაფერი ნათელია და ეს შეხვედრის მონაწილეებმა დაინახეს. აქედან გამომდინარე, „გერმანული მოდელის“ საკითხიც მოიხსნა და ამის შემდეგ გადავიდნენ ისინი სხვა იდეებზე. ერთ-ერთი იდეა იყო მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, თუმცა, იქ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ანუ ამ იდეაზე შეჯერებულები არ იყვნენ. შესაბამისად, დაველოდებით მათ წინადადებას. თუ ისინი რაიმე წინადადების გარშემო გაერთიანებას შეძლებენ, ამ შემთხვევაში, ჩვენ ამ წინადადებას განვიხილავთ. დაველოდოთ ჯერ მათ წინადადებას“, - განაცხადა კობახიძემ.

 

ამასთან, კობახიძემ უპასუხა კითხვას, თუ როგორია ხელისუფლების პოზიცია იმ შემთხვევაში, თუ სახალხო დამცველი ოპოზიციის მიერ მომზადებულ წინადადებას ეუთოს წარუდგენს.

 

„ერთუცნობიანი განტოლებაც არ არის ეს. იმდენად მარტივი კაზუსია, რომ ასეთი კაზუსი არ მიაქვთ პირველი კურსის გამოცდაზე სტუდენტებთან, მაგალითად, გერმანიაში და საქართველოშიც, გააჩნია ლექტორს და პროფესორს ანუ არის უმარტივესი კაზუსი, რომელსაც ხსნიან სტუდენტებთან პირველი კურსის პირველ ლექციაზე. ამაზეა საუბარი. მათემატიკური ცოდნითაც შეიძლება მისი ამოხსნა, არ სჭირდება იურიდიული ცოდნა. 77 და 150 ერთი და იგივე რომ არ არის, ამას არც ფილოსოფია სჭირდება და არც იურისპრუდენცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner