„კრიტიკას ვერ უძლებს ყვითელი ავტობუსები, რომელსაც მუშაობის ყველანაირი რესურსი აქვს ამოწურული“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევროპის მოედანზე განაცხადა, სადაც ახალი ავტობუსების პრეზენტაცია გამართა.
„ცოტა უკან უნდა დავბრუნდე და გავიხსენო წლები, როცა დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო ყველაზე მოწესრიგებული. ეს იყო 70-იანი, 80-იანი წლები. მას შემდეგ ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული პერიოდი, გვახსოვს დრო, როდესაც სულ რამდენიმე მანქანა დადიოდა დედაქალაქში, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე საერთოდ არ ვსაუბრობ. შემდეგ იყო პერიოდი, როდესაც გვეგონა, რომ რაც უფრო დიდი იყო ჯიპი, უფრო ახლოს იყო ევროპული ცივილიზაცია, თუმცა, საბედნიეროდ, ეს პერიოდიც გადაილახა. მე მგონია, რომ ჩვენ, მოქალაქეები და ქალაქი ერთდროულად გავდივართ ურბანულ ევოლუციას. დღეს არის სხვა მოთხოვნები, სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებები. დღეს რა მდგომარეობა გვაქვს - დღეს გვაქვს ავტობუსების პარკი, რომლის დიდი ნაწილი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რომელიც მართლა კრიტიკას ვერ უძლებს. მხედველობაში მაქვს ყვითელი ავტობუსები, რომელსაც ყველანაირი რესურსი აქვს ამოწურული მუშაობის. სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს თბილისელებისთვის, რომლებიც იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და პრობლემაა ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით, ვგულისხმობ გამონაბოლქვს. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება - ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებით“, - განაცხადა კალაძემ.