„კატეგორიულად ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისთან და მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან მომხდარი დაპირისპირებების შეფასებისას განუცხადა.
„ნამდვილად არ მსიამოვნებს დაპირისპირებები. მგონია, რომ ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად და ამის ორგანიზატორი გახლავთ ოპოზიცია. რატომ უნდა მოგინდეს მიხვიდე პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან და გააპროტესტო? არ არის ადგილები სხვა კონკრეტულ ლოკაციაზე იმისთვის, რომ გამოთქვა შენი პროტესტი? ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება იმისთვის, რომ მოხდეს დაპირისპირება. მითუმეტეს, კატეგორიულად მიუღებელია ახალგაზრდების ერთმანეთთან დაპირისპირება. ჩვენ ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს, მაგრამ ეს სისხლის დუღილი, ვფიქრობ, სხვა მიმართულებით გამოვიყენოთ. მოვახმაროთ ქვეყნის განვითარებას, წინსვლას და არა ერთმანეთზე დაპირისპირებას და თავ-პირის მტვრევას.
ყველაფერს აქვს თავისი ფორმა კითხვის დასმასაც, იმასაც, როდესაც მიდიხარ და რაღაცას აპროტესტებ, არ არის ეს ცივილური ფორმა. დღეს სულ სხვა მდგომარეობაა, სულ სხვა საფეხურზე ვართ დემოკრატიული თვალსაზრისით. გვაქვს პრეტენზია, რომ განვითარებული ქვეყანა ვართ, მთავარი მიზანი და ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ასეთი დესტრუქციული ქმედებები, მგონია, რომ პირველ რიგში ქვეყნის იმიჯს აზიანებს. კანონის ჩავარდნით „ქართულ ოცნებას“ არც კანონი დაურღვევია, არც კონსტიტუცია. რა თქმა უნდა, ცუდი იყო, როდესაც პარტია აკეთებს დაპირებას და ვერ ასრულებს კონკრეტული დეპუტატების სხვა მოსაზრებების გამო, მაგრამ მოსახლეობას თუ აქვს წყენა, შეუძლია არჩევნებზე ცივილური ფორმით, ბიულეტენის შემოხაზვით დააფიქსიროს თავისი პოზიცია“, - განაცხადა კალაძემ.