logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ დაპირისპირება!
- +

4 დეკემბერი. 2019. 10:44

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„შარშანდელი არჩევნებისას, პირველ ტურამდე, გრიგოლ ვაშაძის შტაბს და მომხრეებს მოვუწოდებდი, შეეწყვიტათ შავი პიარი და პოზიტიური საარჩევნო კამპანია ეწარმოებინათ, რადგან „ქართული ოცნება“ პოზიტიურ პიარზე მუშაობდა (იმას თუ მუშაობა ერქვა!), ანდა დალოდებოდნენ საპასუხო მძიმე რეაქციას.

 

მოვუწოდე რამდენჯერმე - „ობიექტივის“ და სხვა ტელევიზიების ეთერით, დებატებისას.

 

არ შეისმინეს!

 

პირველ ტურში ერთპროცენტიანი სხვაობით შეგულიანებული გრიგოლ ვაშაძის შტაბი და მხარდამჭერები ნოემბრის დასაწყისშივე მოიმართნენ და კვლავაც შავ პიარზე - სალომე ზურაბიშვილის ლანძღვაზე ააგეს საარჩევნო კამპანია.

 

სალომე ზურაბიშვილს ისეთი ფორმით და ისე უშვერად ლანძღავდნენ, რომ ის ხალხიც კი, ვისაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი გულზე არ ეხატებოდა, მის მომხრედ აქციეს.

 

კვლავ მოვუწოდე რამდენიმე ტელევიზიით, რომ შეეწყვიტათ საარჩევნო კამპანიის დაბინძურება, თორემ „ქართული ოცნებიდან“ ისეთ თავდასხმას მიიღებდნენ, რომ ვერაფერი გარეცხავდათ.

 

არც ამჯერად შეისმინეს!

 

ჰოდა, დაიწყო ის, რამაც არა მხოლოდ საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია, არამედ ქართული დემოკრატიაც სერიოზულად დააზიანა.

 

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გამოწვევა, „ნაცმოძრაობის“ თამაშის წესები და მათ პარტიას და კანდიდატს ისეთი თავდასხმა მოუწყო, რომ გრიგოლ ვაშაძე დღესაც, ერთი წლის შემდეგაც გაჭირვებით იფერთხავს მაშინდელ ტალახს და ჯერაც ვერ მოუშორებია.

 

ახლა რატომ დამჭირდა შარშანდელი მძიმე სამი თვის გახსენება:

 

ყოფილმა ხელისუფლებამ ე.წ. ქუჩის ოპოზიციასთან ერთად ახალგაზრდები შეაგულიანა და სახელმწიფო დაწესებულებებს, მაჟორიტარების ბიუროებს და „ქართული ოცნების“ ოფისებს მიუსია.

 

ეს არის უმძიმესი შეცდომა.

 

ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ რამდენიმე დღე ითმენდა და მხოლოდ პოლიციის პროპორციული ძალით შემოიფარგლებოდა, რაც „შტურმავიკებმა“ „ოცნების“ სისუსტედ აღიქვეს და ფრონტი გაშალეს - „სირცხვილიას“ დაემატა „შეცვალე“ და „გაბედე“.

 

„ქართული ოცნება“ მიხვდა, რომ ასე გაგრძელება მის იმიჯს ძალიან აზიანებდა, სისუსტის გამოვლინებად აღიქმებოდა და საჭირო იყო რეაქცია. ამჯერად პროპორციულ ძალაზე ვერ იფიქრებდნენ, რადგან ხალხს ჯერაც კარგად ახსოვს (რა დაავიწყებს!) ნაციონალური ფაშიზმის ანატომია, რაც „ოცნების“ პასუხს ლეგიტიმაციას სძენს.

 

ახალგაზრდების გონივრული თუ უგუნური ქმედებების ადეკვატურ პასუხს მოჰყვა ისტერიკა, რომ პოლიცია მათ („შტურმავიკებს“) არ იცავს. დაცვას ითხოვენ იმ პოლიციისგან, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა.

 

ახლა ძალიან სახიფათო ფაზაში შევდივართ:

 

ახალგაზრდების ერთმანეთთან დაპირისპირება მძიმედ აისახება არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ უახლოესი რამდენიმე წლის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებზე. კარგად გადავრჩებით, თუ ამ დაპირისპირებამ ათწლეულების შემდეგაც არ იჩინა თავი, რადგან ამ ახალგაზრდების მეხსიერებას დიდხანს შემორჩება როგორც ფიზიკური ტკივილი, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფაც. ისინი ერთმანეთის მტრებად იქცევიან, პოლიტიკა განზე დარჩება და პირადი მტრები გახდებიან.

 

ამიტომ:

 

ამჯერადაც მოვუწოდებ პოლიტიკოსებს:

 

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ დაპირისპირება!

 

ჩვენ, გადასახადის გადამხდელები, თქვენ, პოლიტიკოსებს, პარლამენტში თუ მის გარეთ, იმისთვისაც გაძლევთ ხელფასს თუ პარტიულ დაფინანსებას, რომ დახურულ სივრცეში მოაგვაროთ პოლიტიკური პრობლემები.

 

ნუ გამოიტანთ ამ პრობლემებს ქუჩაში!

 

უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, კეთილი ინებეთ და ეს ქუჩაში გადმოგდებული ნაღმი ფრთხილად აიღეთ და გააუვნებლეთ!

 

თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც მოხდა, რაც ხდება და რაც მოხდება!

 

თქვენს სკამებს ნუ გადააყოლებთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას!

 

და კიდევ: ჩაკიდეთ ხელი თქვენს ბალღებს, შინ წაიყვანეთ და მშვიდად აუხსენით, რა დამართეთ საქართველოს ზუსტად 28 წლის წინ!

 

მაგათ თუ არაფერი იციან, თქვენ ხომ გახსოვთ, რა ჩაიდინეთ?!

 

ამიტომ, თქვენგან მიუკერძოებელ თხრობას არავინ ელის, თქვენეული, თუნდაც თავის გასამართლებელი ვერსია მოუყევით!

 

ესეც საკმარისი იქნება!

 

და მორჩით გულდამწვარი ჭირისუფლის როლის უნიჭოდ თამაშს!

 

არავინ მოგცემთ მთავარ როლს, ისევ „მასოვკაში“ დარჩებით, საქართველო კი დაპირისპირების მორიგ წრეზე წავა!

 

ახალგაზრდებსაც მივმართავ!

 

შვილებო, ძმებო და დებო!

 

28 წლის წინ მეც თქვენსავით 20 წლის ვიყავი და ახლაც მწარედ მახსოვს 1992 წლის 7 იანვრის დილა, როცა გადამწვარ რუსთაველის პროსპექტზე მივაბიჯებდი და ცრემლები მახრჩობდა, რადგან ხელებში ჩამაწვეს ოცნება თავისუფალ საქართველოზე!

 

ამიტომ, დაფიქრდით!

 

კარგად დაფიქრდით!

 

  1. S. ჟურნალისტებს საგანგებოდ მივმართავ:

 

კოლეგებო!

რას აკეთებთ?!

რატომ აკეთებთ?!

რის მიღწევას ცდილობთ?!

 

შეხედეთ გვერდიდან თქვენს თავს და მიხვდებით, რას დაემსგავსეთ!“ - წერს მძინარაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner