პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება სამწუხარო ფაქტია, თუმცა ლოგიკურია, რომ მოქალაქეები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ნეგატიური გამოცდილება აქვთ, თავიანთ ემოციებს გამოხატავენ.
„არასოდეს ვიქნები ახალგაზრდებს შორის რაიმე დაძაბული სიტუაციის შექმნის მომხრე, თუმცა, ლოგიკურია, რომ არიან ახალგაზრდები, ვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ნეგატიური გამოცდილება აქვთ და თავიანთ ემოციებს გამოხატავენ. მინდა, ყველა მხარეს, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ახალგაზრდებს მოვუწოდო, რომ ისინი განათლებული ახალგაზრდები არიან და აქვთ იმის რესურსი, რომ ცივილიზებულად ისაუბრონ. დარწმუნებული ვარ, ეს ახალგაზრდები „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერ-დაჯგუფებებს არ მისცემენ არანაირ საბაბს, რომ რაიმე დაძაბულობა შეიქმნას. ეს ახალგაზრდებიც ხომ არიან იმ მშობლების შვილები, რომლებსაც აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ქონებას ართმევდნენ?! ამ ადამიანებს არ ექნებათ ემოცია და დამოკიდებულება?! რა თქმა უნდა, ექნებათ. ყველას ექნება ემოცია. ეს ახალგაზრდებიც არიან იმ ადამიანის შვილები, დები ან ძმები, რომლებსაც აწამებდნენ 2012 წლამდე არსებული ხელისუფლების პირობებში. იყო წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი და ამიტომ, ლოგიკურია, რომ ამ ადამიანებს ექნებათ რეაქცია. ადამიანებს აქვთ ემოცია და განწყობა, როდესაც ხედავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მართული არიან გარკვეული ახალგაზრდები. ამ ემოციის გამოხატვას ვერავინ ვერავის აუკრძალავს. ყველას მოვუწოდებ, რომ ემოციის გარეშე, არსებობს ცივილიზებული ფორმა, არსებობს ეთერი, დასხდნენ და იქ გაუწიონ ერთმანეთს პაექრობა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.