„ოპოზიციამ ჩვენ დაგვიყენა მოთხოვნა, რომლის შესრულება, მე ვერ წარმოვიდგენ, რომ მათ არ იცოდნენ, რომ შეუძლებელია. მე ვერ წარმოვიდგენ, რომ დავით უსუფაშვილმა არ იცოდეს, რომ 77 არ უდრის 150-ს. ეს უმარტივესი ასახსნელია. ჩვეულებრივ მოქალაქესაც ადვილად გავაგებინებთ, რომ „გერმანული მოდელი“ არის მთელი თავისი არსით პროპორციული. 6-საათიან შეხვედრაზე, თითქმის ხუთ საათნახევარი მოვუნდით ამ მარტივი ჭეშმარიტების მტკიცებას“, - ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
მამუკა მდინარაძის თქმით, გერმანულ მოდელსა და კონსტიტუციას შორის არსებული შეუსაბამობა, აჩენს თეორიულ, მაგრამ საფუძვლიან რისკს, რომ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოხდება მისი გაუქმება, რაც ბუნებრივია, პროცესებს არასასურველ სპირალში შეიყვანს.
„ჰიპოთეტურად დავუშვათ, რომ ჩავატაროთ და დავყვეთ მათ ნებას, ვიღაცამ შემდეგ, უკმაყოფილო პარტიამ, ერთმა ნებისმიერმა მოქალაქემ რომ გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში, არის ასპროცენტიანი შანსი იმისა, რომ გააუქმოს საკონსტიტუციომ, იმიტომ, რომ შერეული არ შეესაბამება პროპორციულს და რა გამოდის? ვიღებთ ახალ სპირალს და უნდა შევიდეთ ამაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან არსებობს კომპრომისის რესურსი, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან შეგნებულად არ ხდება მასზე ყურადღების გამახვილება.
„თუ საუბარი იქნება მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებზე, როგორც მინიმუმ ვერ გეტყვით, რომ ეს არის არაკონსტიტუციური, იმიტომ, რომ 77-ის ნაწილში ხომ პროპორციულია, 73-ის ნაწილში მაჟორიტარული და იქ, მრავალმანდატიანი იქნება თუ ერთმანდატიანი, მაჟორიტარები რა წესით აირჩევიან და რა პროცენტით, ეს შეიძლება გაწერო კანონში. კანონში არ შეიძლება გაწერა სხვაგვარი პრინციპის, თორემ, განაწილების წესი, უსუფაშვილი რაზეც აპელირებდა, შესაძლებელია. მინიმუმ, კონსტიტუციურობის ტესტი ამ იდეას, იქვე რაც გახმოვანდა, გავლილი აქვს, უთანხმოებაც სწორედ ამან გამოიწვია, ჩემი აზრით, რომ ჩვენ ეს იქვე დავუდასტურეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.