logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ივანიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები არის ძალიან ფასეული
- +

4 დეკემბერი. 2019. 15:33

 

„ბიძინა ივანიშვილმა თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები არის ძალიან ფასეული და მას რომელიმე ცალკეული სუბიექტური ინტერესი ჩრდილს ვერ მიაყენებს, ვერ შეასუსტებს და ვერ შეცვლის“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა IRI-ს ხელმძღვანელის დენიელ ტვაინინგის ინტერვიუს, რომელშიც ის ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზე საუბრობს.

 

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო რეჟიმი მივიღეთ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გავაფორმეთ. ასევე, აშშ-სთან დღეს თანამშრომლობა არის უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე. მეც გახლდით ოფიციალური ვიზიტით, პრემიერ-მინისტრიც გეგმავს, საქართველოს პრეზიდენტიც გეგმავს ვიზიტს. რა თქმა უნდა, აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი და ის ურთიერთობები, რაც გვაქვს აშშ-ს მთავრობასთან და რა ურთიერთობაც არსებობს ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის, ჩვენთვის არის ძალიან ფასეული.

 

მგონი, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები არის ძალიან ფასეული, ძალიან მტკიცე და რომელიმე ცალკეული ადამიანი ან ცალკეული სუბიექტური ინტერესი ჩრდილს ვერ მიაყენებს და ვერ შეასუსტებს ამ ურთიერთობას. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის გზავნილი და ვფიქრობ, რომ სწორედ ასე უნდა იყოს გაგებული“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

ცნობისათვის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას IRI-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „ის ადამიანები, რომლებიც ამ საკითხებს ყურადღებას აქცევენ ვაშინგტონში, ძალიან არიან გაკვირვებული ამით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკამ ამხელა მხარდაჭერა გამოიჩინა საქართველოს მიმართ წლების განმავლობაში. მათ ძალიან უკვირთ ის, რომ დღეს ამ თემაზე ვსაუბრობთ“. მისივე თქმით, როცა მთავრობა ამერიკულ არასამთავრობოებს ესხმის თავს, ეს როგორც წესი, რუსეთში ან ჩინეთში ხდება, სადაც არ არსებობს პოლიტიკური თავისუფლება და დემოკრატიული პრაქტიკა.

 

„სანერვიულო იქნება ის, თუ ისეთი ქვეყნისგან, რომელსაც ჩვენ ჯანსაღ დემოკრატიად მივიჩნევთ, მოვისმენთ ისეთ შეხედულებებს, დეზინფორმაციას, როგორც ეს ხშირად გვესმის კრემლისგან. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ შეიძლება ამერიკა ცდებოდა. მაგრამ მე არ მგონია, რომ ვცდებოდით. საქართველოს წინ დიდი მომავალი აქვს და IRI ამაყად იქნება საქართველოს მეგზური ამ გზაზე“, - განაცხადა IRI-ს პრეზიდენტმა დენიელ ტვაინინგმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner