სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში„ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება „Welcome to Georgia“ გაიმართა. ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო იყო.
ღონისძიება წელს მეხუთედ ჩატარდა და მასზე ტრადიციულად ის კომპანიები და ბრენდები დაჯილდოვდნენ, რომელთაც საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებაში და ცნობადობის გაზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძემ შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებაში. რეგიონებში დაცული ტერიტორიების დაარსებით, იზრდება ვიზიტორთა რაოდენობა, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობის და პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა თამარ ხახიშვილმა სპეციალური პრიზი გადასცა სოფლის ტურიზმის ნომინაციაში გამარჯვებულს.
პროექტის „Welcome to Georgia“ მიზანია, წაახალისოს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია.