„ჩემ წინააღმდეგ მიმდინარეობს ცილისწამების ბინძური კამპანია. პრობლემა ეს არ არის და არ მიკვირს, რომ გიგა ბოკერიას მსგავსი უპრინციპო პოლიტიკოსები ცრუობენ. პრობლემა ის არის, როცა მედია მათ აყვება. ჟურნალისტებს სჯერათ და იმეორებენ ამ ტყუილებს. გუშინ თქვენ გამივრცელეთ ეს სიცრუე, თქვენ გამოაცხადეთ როგორც დადგენილი ფაქტი, თითქოს დავით საყვარელიძის შტაბის წევრი ვიყავი. რის საფუძველზე გააკეთეთ ეს? ვინ მოგაწოდათ ინფორმაცია? ახლა თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჟურნალისტ ვახო სანაიასთან საუბრისას განაცხადა.
„არ ვაპირებდი პირად საკითხებზე საუბარს, მაგრამ იძულებული ვარ მოვყვე. დავით საყვარელიძეს და მე საერთო მეგობრები გვყავს, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. შევხვდი სულ რამდენჯერმე, მათ შორის ერთხელ მის შტაბში. თემა იყო ორი: ერთი უკავშირდებოდა ჩემს ბიძას, იმედო კახიანს, რომელიც „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყო და ამის გამო ის მკაცრად დაისაჯა, სახლ-კარი წაართვეს. მეორე საკითხი ეხებოდა მამაჩემს, რომელსაც ჰქონდა სამეწარმეო დავა ერთ-ერთ პარტნიორთან და ესეც ხდებოდა ჩვენი ოჯახის ოპოზიციური განწყობის გამო. პროკურატურის მეშვეობით ჩვენი პოზიციის გამო მამას ართმევდნენ ქონებას. ამ ორ საკითხზე მეგობრებთან ერთად მე რამდენჯერმე შევხვდი დავით საყვარელიძეს“, - განმარტა გიორგი კახიანმა.