საქართველოს დედაქალაქში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა გაიხსნა. სამი დღის განმავლობაში ევროპარლამენტის და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის წევრები გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, ენერგო უსაფრთხოების საკითხებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვებზე და რეგიონის აქტუალურ საკითხებზე დისკუსიებს გამართავენ და შესაბამის რეზოლუციებს მიიღებენ.
8 დეკემბერს საპარლამენტო ასამბლეა საკომიტეტო სხდომებით გაიხსნა. მთელი დღის განმავლობაში საპარლამენტო ღონისძიების მონაწილეებმა პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის, ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირტან საკანონმდებლო და პოლიტიკური დაახლოების, სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების და ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტებზე რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკური ვითარებაზე მოხსენებები მოისმინეს და სოციალური კუთხით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. კომიტეტების სხდომებზე განხილვის საგანს ასევე წარმოადგენდა საარჩევნო თემატიკა, ეროვნული კანონმდებლობების ერთიან ევროპულ ღირებულებებთან ჰარმონიზაციის პროცესი, გარემოს დაცვითი საკითხები და ენერგეტიკული პროექტები.
საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართული საკომიტეტო მოსმენები საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეაჯამეს.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია - „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ღონისძიება ტარდება. ეს არის სერიოზული გზავნილი, რომელიც დადებითად იმოქმედებს ჩვენი ევროპულო პერსპექტივებისთვის, ჩვენი ორიენტაციის ევროპისაკენ მყარ არგუმენტირებად ტრანსფორმაციის პროცესში. მნიშვნელოვანი იყო საკომიტეტო მუშაობები, მაგალითად ეკონომიკის კომიტეტმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან პროცესებზე როგორიცაა ციფრული ვაჭრობა, ციფრული ლოჯისტიკა, რომელიც მნიშვნელოვანია ტრანზიტული ფუნქციის ქვეყნისთვის და ამ სფეროში არსებული კანონმდებლობის ჰარმონიზება, შესაბამისი პარტნიორი ქვეყნების კანონმდებლობასთან. გამახვილდა ყურადღება ე.წ. ცირკულარული ეკონომიკის თემებზე, როდესაც ნარჩენების მართვა და გაზრდილი პასუხისმგებლობიანი მიდგომა მეწარმეებისა და გარემოს მიმართ უნდა დადგეს დღის წესრიგში და ეს უნდა იყოს შესაბამისი კანონმდებლობის ჰარმონიზების კუთხით, მაგრამ უნდა იქნეს გათვალისწინებული ჩვენი განვითარების დღევანდელი დონე და ის შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენ მეწარმეებს აქვთ. აღნიშნული ფორმატები ამ ტიპის საუბრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპის ინტერესი ყველაზე ბუნებრივია ჩვენ მიმართ იმიტომ, რომ ის მეზობელია. ყველა ის საკითხი, რომლებიც კომიტეტებზე განვიხილეთ წამოჭრილია არა მხოლოდ ჩვენი ინტერესებია, რომ ჩვენი განვითარება უფრო მაღალ ეტაპზე გადავიდეს, არამედ ევროპის ინტერესიცაა ყავდეს მეზობლად ისეთივე განვითარებული და სტანდარტებთან მიახლოებული მეზობელი, როგორიც თავად არის. ამიტომ ამ ორმხრივ ინტერესს სჭირდება ეფექტური გამოყენება და ეს ფორმატები ამის მნიშვნელოვან საშუალებას იძლევა“.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა, გუგული მაღრაძემ შეფასებები პოლიტიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტების მუშაობაზე გააკეთა. პარლამენტის წევრის შეფასებით, საპარლამენტო ღონისძიების მონაწილეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო ლიდერ ქვეყანას წარმოადგენს და ყოველივე ეს იმ რეფორმების და დემოკრატიული პროცესების შედეგია, რომელსაც ხელისუფლება მიზანმიმართულად ახორციელებს.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გუგული მაღრაძე - „პოლიტიკურ კომიტეტზე ყურადღება საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე გამახვილდა და ყველა გამომსვლელის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ის რეფორმები, რომლებიც საჯარო სამსახურის, ღია მმართველობის, ანგარიშვალდებულობის გაზრდის, პოლიტიკურ პროცესებში და თვითმმართველობის საკითხებში მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით განხორციელდა, საქართველომ აღნიშნული შეფასებები ღირსეულად დაიმსახურა. სხდომაზე ასევე აღინიშნა გამოხატვის თავისუფლების დაცულობის ხარისხი და მედია პლურალიზმის მდგომარეობა.
სოციალურ საკითხთა და განათლების კომიტეტზე ქართული დიპლომების ევროპაში აღიარების საკითხებზე და შესაბამის აკრედიტაციის პროცედურებზე ვისაუბრეთ. რაც შეეხება სოციალურ თემატიკას, კომიტეტი საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში უშუალოდ დეპუტატების ჩართულობას შეეხება. ძალიან საინტერესო გამოსვლები იყო დასაქმების საკითხებზეც, ვიმსჯელეთ თუ რა პრობლემებია ამ კუთხით საქართველოში და სხვა ქვეყნებში. ასევე შეხვედრა ჩატარდა ასოცირების ხელშეკრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და იმ საპარლამენტო კავშირის შესახებ, რომელიც უკვე არსებობს და სამ ქვეყანას აქვს ხელი მოწერილი. აღსანიშნავია, რომ ასამბლეის ფარგლებში სპეციალური ცალკე ჯგუფი ბელორუსიის საკითხზე მუშაობს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მხარი დავუჭიროთ ბელორუსიას, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ევრონესტს იმიტომ, რომ ის ერთ -ერთი ცენტრალური ქვეყანაა ჩვენს რეგიონში და იქ მიმდინარე პროცესები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობა ხვალ ბიუროს შეხვედრით და სესიის გახსნით გაგრძელდება.