„ღონისძიებას არავითარი კავშირი არ აქვს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ პიკეტებთან, თუ ბლოკირების მცდელობებთან“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მედიას განუცხადა, რითაც 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შეკრებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
„14 დეკემბერს იმართება ღონისძიება, რომელიც ეძღვნება საქართველოს ევროპის საბჭოში თავმჯდომარეობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და ქვეყნისთვის ახალი შესაძლებლობა, რომ ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი ,საქართველოს მიღწევები და გამოწვევები, რომელიც არის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ქვეყნის დეოკუპაცია უფრო აქტიურად წამოვწიოთ ევროპის დღის წესრიგში და ევროპის საბჭოს სამუშაო ფორმატებში. მეორეც, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოს მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული იდეის, ევროპაში ინტეგრაციის და ევროსაბჭოში თავმჯდომარეობის გარშემო. სწორედ ამას ემსახურება ეს ღონისძიება. შესაბამისად, მას არავითარი კავშირი არ აქვს მას ოპოზიციის მიერ დაანონსებულ პიკეტებთან, თუ ბლოკირების მცდელობებთან“, - განაცხადა თალაკვაძემ.
თალაკვაძის თქმით, ოპოზიციას შეუძლია რამდენ ხანსაც ჩათვლის საჭიროდ, იქამდე გააგრძელოს საპროტესტო აქციები, თუმცა აღნიშნული კანონის ფარგლებში უნდა იყოს. მან მოუწოდა მხარეებს, რომ პროტესტის ფორმები ისე შეარჩიონ, რომ დაპირისპირების და პროვოკაციების საფუძველი არ გახდეს.