საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემას განიხილავს და გადაწყვეტილებას საზოგადოებას სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გააცნობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მესამე საკითხი იყო გუშინდელი შეხვედრის თემა, რომელიც გაიმართა ჩვენი საერთაშორის პარტნიორების, ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით და მათი შუამდგომლობით, მათი უშუალო მონაწილეობით, რისთვისაც მათ ბუნებრივია ძალიან დიდ მადლობას ვუხდით. გვქონდა მცირე დრო უმრავლესობის სხდომაზე დარჩენილი, რომ ცოტა ზედაპირულად განგვეხილა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის საკითხი, თუმცა დეტალიზაცია ჩვენ დღეს ვერ მოვასწარით, იყო ძალიან ზოგადი განხილვა. ჩვენ დაგვჭირდება რამდენიმე დღე, რომ არამხოლოდ მრავალმანდატიან, არამედ რადგან საუბარი წავიდა იმაზე, რომ მოდი, გავწიოთ ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც მისი მსგავსია და ვილაპარაკოთ მაჟორიტარული სისტემის შიგნით როგორ ავირჩიოთ დეპუტატები და როგორ განაწილდეს მანდატები და არა გერმანული მოდელის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საშუალება, ვიფიქროთ მრავალ თემაზე საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში. ჩვენ ცალსახად პირველივე შეხვედრაზე დავადასტურეთ, რომ ეს საკითხი, თუ ვიმსჯელებთ მაჟორიტარული სისტემის შიგნით როგორ განაწილდეს მანდატები, ცალსახად შეესაბამება კონსტიტუციას, მაგრამ მიზანშეწონილობაზე უნდა ვილაპარაკოთ ამ შემოთავაზების მიღების შემდეგ. ჩვენ ეს შეთავაზება მივიღეთ გუშინ, ჩვენ ამ კვირის განმავლობაში ვიმსჯელებთ ამ საკითხზე უფრო დეტალურად, უფრო მეტი დრო გვექნება და სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გარკვეულ გადაწყვეტილების კონტურები - ზუსტად მსგავს მოდელზე ვსაუბროთ, რაღაცა სხვა ვარიანტს ვთავაზობთ თუ ა.შ. კონკრეტულად რამდენიმე დღის შემდეგ ალბათ გეცოდინებათ“, - განაცხადა მდინარაძემ.