„დღეს გამოიკვეთა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატი არსებობს, რომელიც მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა და მისმა თავმჯდომარემ წარმოადგინეს ანგარიში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მოსმენების შესახებ და ინდივიდუალურად განიხილეს ყველა მოსამართლე.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად, ან უარვყოფთ მხარდაჭერას და ეს იქნება თითოეული პარლამენტარის ინდივიდუალური გადაწყვეტილება. დღეს გამოიკვეთა, რომ უკვე რამდენიმე კანდიდატი არსებობს, რომელიც მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, ამაზე დეპუტატების მსჯელობიდან წამოსული საერთო ანალიზი ნათლად მოწმობს, მაგრამ რა თქმა უნდა, სახელებს და გვარებს კენჭისყრის წინ არავითარ შემთხვევაში არ დავასახელებ. უნდა დაველოდოთ კენჭისყრას, სადაც ინდივიდუალურად მიიღებენ დეპუტატები გადაწყვეტილებს, სადაც, ჩემი აზრით, გათვალისწინებული იქნება ის მსჯელობა, რომელიც უმრავლესობის ფორმატში დღეს გაიმართა“, - განაცხადა მდინარაძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა დეტალები გამოიკვეთა და რატომ არ დაუჭერენ კონკრეტულად რამდენიმე კანდიდატს მხარს, მდინარაძემ განაცხადა, რომ არსებობს უამრავი მიზეზი, რაზეც საზოგადოდ ვერ ისაუბრებს.
„მე გამიჭირდება კონკრეტული კომპონენტის გამოყოფა იმ მიზეზებიდან, რომელიც დასახელდა, მათ შორის იყო გარკვეულ კითხვებზე პასუხები, რაც მიიღო კომიტეტმა და ამის გარდა, იყო უამრავი სხვა მიზეზი, რაზეც საზოგადოდ ვერ ვისაუბრებთ, იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული დეტალი არის მნიშვნელოვანი და არ მინდა რომელიმე დეტალი ამოვარჩიო და ამაზე გაკეთდეს აქცენტი.
ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ შევარჩიოთ მინიმუმ ის ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ უზენაესი სასამართლო არ გაჩერდეს. მოგეხსენებათ 6000-ზე მეტი საქმეა დღეს უზენაეს სასამართლოში და სჭირდება კოლეგიები სამივე პალატაში, რომ გააგრძელოს გამართული მუშაობა.
რამდენიმე თვეში აღმოჩნდება, რომ უზენაეს სასმართლოში არის მხოლოდ ოთხი მოსამართლე და აქედან გამომდინარე, უნდა შევარჩიოთ ოპტიმალური რაოდენობა და უნდა ვიფიქროთ, რომ რაც შეიძლება ღირსეული და პროფესიონალი მოსამართლეები შევარჩიოთ“, - განაცხადა მდინარაძემ.