„ვთქვათ, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა აკაკი ზოიძის წასვლას, რა ხდება მაშინ, რჩება პარლამენტის წევრად?“ - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილს პლენარული სხდომაზე, სადაც უმრავლესობის წევრის აკაკი ზოიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.
„არავითარი ხუმრობა, მითუმეტეს, რა დროს ხუმრობაა და არავითარი სარკაზმი, ვთქვათ და, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა აკაკი ზოიძის წასვლას, რა ხდება მაშინ, რჩება პარლამენტის წევრად?“ - იკითხა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, უმრავლესობის დეპუტატი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პარლამენტს და პოლიტიკას ტოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან 2 დეკემბერს განაცხადა.
„ვერ შევძელი კოლეგების დარწმუნება, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავსულიყავით, მიუხედავად იმ რისკებისა, რაც შეიძლება ჰქონოდა ამ რეფორმას. მიმაჩნია, რომ ეს იყო თანხმობის და პოლიტიკის კონსტრუქციულ კალაპოტში გადაყვანის გზა. ვერ შევძელი კოლეგები დამერწმუნებინა, რომ პლებისციტი ჩაგვეტარებინა ან რეფერენდუმი, შესაბამისად, ჩემს ადგილს ასეთ პოლიტიკაში უკვე ვეღარ ვხედავ. ნებისმიერ სასიკეთო საქმეში „ქართულ ოცნებას“ გვერდით დავუდგები“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.