პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლკსის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და დარბაზში სუნი დააყენეს.
„არ ვიცი, მათგან მოდიოდა სუნი თუ ამ ნივთიერებიდან, არაფერი მომწამლავი არ არის. ჰაერი გაიწმინდა მას შემდეგ, რაც ირმა ნადირაშვილმა დარბაზი დატოვა“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მას შემდეგ, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში გარკვეული ნივთიერება დაასხეს, ჟურნალისტებს თავის ტკივილი დაეწყოთ. როგორც „იმედის“ ჟურნალისტი ამბობს, ნივთიერებას გარკვეული სუნი ჰქონდა.
როგორც დეპუტატები ამბობენ, ნივთიერება დარბაზში „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა ირმა ნადირაშვილმა და ლელა ქებურიამ დაასხეს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. როგორც ირაკლი კობახიძემ პლენარულ სესიაზე განაცხადა, სხდომათა დარბაზში ორი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება დარბაზში დაასხა. ამის გამო, კობახიძემ შესვენების გამოცხადება მოითხოვა.
საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უნდა უყარონ დღეს.
მანამდე იურიდიულმა კომიტეტმა 20-კაციანი სიიდან რეკომენდაცია 14 კანდიდატს გაუწია, მათ შორის მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს.
კენჭისყრის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ კანდიდატურა მოხსნა, თუმცა პროცედურების მიხედვით ზაზა თავაძეს კენჭი ფორმალურად მაინც უყარეს. ირკვევა, რომ დაამტკიცებენ არა ცხრამეტს, არამედ იმდენს, რამდენიც უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის ამ ეტაპზე აუცილებელია.