„ჩვენს ოპონენტებს როცა რამე არ მოსწონთ, ცდილობენ გადააბრალონ ევროპას, მთელს სამყაროს, ქართველმა ხალხმა იცის სად არის მისი ადგილი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში არ დარჩა არცერთი კუთხე, საიდანაც ადამიანები არ წამოვიდნენ, სიხარულით, ნებაყოფლობით და სწორედ ამ ეროვნულ იდენტობას ქართველი ერი ერთად იზეიმებს:
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულის ინიციატივით არის დღევანდელი შეკრება და ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის აღნიშვნა ხდება. ძალიან ბევრი ადამიანი, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ამ დღის მნიშვნელობა დააკნინონ, რომ რიგითობით გვერგო და ასე შემდეგ. რიგითობა აქ არაფერ შუაშია. ევროპულ სახელმწიფოებში ასეთი დღესასწაული არ არის, რადგან ევროპა არის ევროპა და სწორედ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც მუდმივად გვიხდება ხაზგასმა და დამტკიცება ჩვენი მეგობრებისთვისაც, ჩვენი არაკეთილმოსურნეებისთვისაც და ჩვენი თავისთვის პირველ რიგში, ჩვენი ევროპული იდენტობის, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მთელი საქართველო არის ერთიანი და ეს ერთიანობა გამოჩნდება თავისუფლების მოედანზე. საქართველოში არ დარჩა არცერთი კუთხე, საიდანაც ადამიანები არ წამოვიდნენ, სიხარულით, ნებაყოფლობით და სწორედ ამ ჩვენი ეროვნული იდენტობის და ზეიმის ხაზგასმა და აღნიშვნა იქნება ერთად“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარის თქმით, ქართველი ერის ხსნა არის ევროპაში, დასავლურ ინტეგრაციაში და დღეს ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდება:
„ჩვენი ოპონენტები ამ ბოლო პერიოდში გადავიდნენ სწორედ ევროპის კრიტიკაზე და ევროპული იდენტობის კრიტიკაზე, შესაბამისად, გავიხსენებ გიგა ბოკერიას რამდენიმე დღის წინანდელ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ევროსაბჭო არის კორუმპირებული ორგანიზაცია, რომელსაც რუსეთი მართავს, პუტინი მართავს. მანამდე ევროსასამართლოზე იგივე განცხადებები, რომ ევრომოსამართლეები არაფერს არ წყვეტენ და ისევ და ისევ კრემლიდან იმართებიან თურმე და ასე შემდეგ. როცა მათ რაღაც არ მოსწონთ, როდესაც ხედავენ თავიანთ მარცხს - ცდილობენ გადააბრალონ მთელ სამყაროს, ევროპას და ასე შემდეგ. მაგრამ ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის სად არის მისი ადგილი, რა არის მისი იდენტობა და ის სივრცე, საითაც ვისწრაფვით. ეს არ არის რომელიმე პარტიის არჩევანი, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ამ არჩევანის დადასტურება იქნება დღევანდელი ზეიმის, დღევანდელი ერთობის გამოხატულება. ჩვენი ხსნა არის ევროპაში, ჩვენი ხსნა არის ჩვენს დასავლურ ინტეგრაციაში და დღეს ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს.