„იყო ახალგაზრდების ინიციატივა, რომ აღვნიშნოთ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავი და ასევე ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ევროპის საბჭოში გადმოიბარა თავმჯდომარეობა, რაც არის ახალი შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო აქტიურად დავუჭიროთ მხარის ევროპის საბჭოს დღის წესრიგს და ჩვენი დღის წესრიგის საკითხები წამოვწიოთ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი ღონისძიება საქართველოს ევროპულ გზას ეხება.
„სიმბოლურია, რომ ღონისძიება იმართება თავისუფლების მოედანზე. 100 ათასზე მეტი მოქალაქე იქნება აქ, ვისაც აერთიანებს ევროპული იდეა და საქართველოს მომავალი, მესმის რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც რჩება დესტრუქციულ რეჟიმში, შეიძლება არ იყოს ბედნიერი ამ შეკრების გამო და საღამოს ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით ცუდ ხასიათზე იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ის ღონისძიება, რომელიც ეძღვნება საქართველოს ევროპულ გზას და ჩვენს გეგმებს ევროპასთან მიმართებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, რომ „ქართულ ოცნებას“ დღევანდელ ღონისძიებაზე ხალხი რეგიონებიდან იძულებით ჩამოჰყავს, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ხალხი, რომელიც თავისუფლების მოედანზე შეიკრიბება, არის მხოლოდ ნაწილი იმ მხარდამჭერებისა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს.
„თქვენს შორის თუ არის ადამიანი, ვისაც სჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს 100 ათასი, 200 000 და ბევრად მეტი მხარდამჭერი საქართველოში, რასაც ყველა ბოლო არჩევნები აჩვენებს? მაშინ, შეგიძლიათ ისაუბროთ ამ რიცხვებზე, მაგრამ ხალხი, რომელიც აქ შეიკრიბება, არის მხოლოდ ნაწილი იმ მხარდამჭერების, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის მომავალს, გეგმებს, რომელიც ხელისუფლებას გვაქვს ხალხთან ერთად“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება ვინმეს იძულება, რომ ჩამოვიდეს და ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა.
„ამ ღონისძიების დისკრედიტაცია ვის ინტერესებში შედის, ალბათ, ვხედავთ – შედის იმ ხალხის ინტერესებში, ვინც რამდენიმე დღის წინ ამ მოედნიდან ძალიან ახლოს ცდილობდა კვლავ დესტრუქციითა და წარსულში ჩვენი დაბრუნებით როგორმე ეცადა, რომ სრულიად საპირისპირო ეჩვენებინა საზოგადოებისთვის. მათ გააკეთეს ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე, მათ ორი დღის წინ გამოიყენეს ქიმიური ნივთიერებები და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამაში არის რაიმე ევროპული, პირიქით, ეს არის ძალიან შორს ევროპული კულტურისგან. ამიტომ ჩვენ დღეს ვაჩვენებთ არა პასუხებს იმაზე, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ და როგორც ისინი ფიქრობენ, ჩვენ დღეს ვაჩვენებთ, რომ ჩვენ დღეს გვაქვს პოლიტიკური გეგმა და გვაქვს პოზიტიური დღის წესრიგი. ჩვენ ვართ მთლიანად ორიენტირებული მომავალზე, მათ ნეგატივზე ჩვენი პასუხი არის მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგი.
რაც შეეხება საუბარს საჯარო მოხელეებზე, ისინიც არიან ისეთივე მოქალაქეები, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი, ვისაც აქვს სურვილი, რომ დღეს, შაბათ დღეს იყოს თავისუფლების მოედანზე, თბილისში ეს არის მათი კანონიერი უფლება, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ბევრად მეტი მხარდამჭერი. შესაბამისად, ჩვენს პარტიას არ სჭირდება ვინმეს იძულება, რომ ჩამოვიდეს და ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.