„არ გამოვრიცხავ, რომ დიალოგი, რომელიც ხვალ შედგება ოპოზიციასთან, გაგრძელდეს კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი საქმიანი საკითხით, რადგან ამ დიალოგში გამოიკვეთა რეალური რესურსი, რომ შეთანხმება შედგეს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციასთან შეხვედრის მესამე რაუნდთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, ხვალინდელ შეხვედრაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არსებული სისტემის ფარგლებში, მრავალმანდატიანი ოლქების საკითხს განიხილავენ.
„არა მხოლოდ ერთი, შეიძლება, მეტი შეხვედრაც მოხდეს ოპოზიციასთან. ჩვენ ვთვლით, რომ საუბარი ყოველთვის საჭიროა. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს, რომ ამ დიალოგში მედიაცია გასწიეს. ჩვენ ვიქნებით ძალიან საქმიანები, დავრჩებით საქმიან პოზიციებზე, როდესაც საკითხი ეხება მოდელების განხილვას თუ შესაძლო ცვლილებებს.
მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მაინც ვრჩები იმ აზრზე, რომ დღევანდელი მოცემულობის ფარგლებში არის რესურსი იმის, რომ მოვძებნოთ ცვლილებები, რომელსაც ოპოზიციაც დაეთანხმება და იქნება მისაღები საზოგადოებისათვის და 2020 წლის არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და ისე, რომ კონკურენცია იქნება უზრუნველყოფილი. დამკვირვებლები დააკვირდებიან ამ პროცესს და ნურავინ წინასწარ ნუ შექმნის განწყობას, რომ ეს არჩევნები ნაკლებ მნიშვნელობას ატარებს. შემდეგ რაუნდში, რომელიც სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება, ჩვენ განვიხილავთ ბოლო წინადადებას, რომელიც იყო დიალოგში დასმული. ეს იყო მრავალმანდატიანი ოლქების საკითხი არსებული სისტემის ფარგლებში. როგორც გითხარით, ჩვენ ჩვენი არგუმენტები მოვამზადეთ და ამას წარვუდგენთ ოპოზიციას. მზად ვართ, რომ ოპოზიციასთან არსებული მოდელის ფარგლებში ჩვენი საზოგადოებისთვის მისაღები შეთანხმებები გავაკეთოთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.