„ძალიან გვჭირდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, შესაბამისად, დღეს არის საშუალება იმისთვის, რომ ყველა ერთად დავდგეთ ამ მოედანზე, მიუხედავად ყოველგვარი პარტიული კუთვნილებისა“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს გამართულ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„დღევანდელი დღე არის საშუალება, არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის, არამედ ყველა იმ მოქალაქისთვის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომ ამ მიმართულებით ჩვენი წარმატებები და ემოციები ერთმანეთს გავუზიაროთ, ხოლო ჩვენს მეგობრებს - ევროატლანტიკურ სტრუქტურებს თვალსაჩინოდ ვაჩვენოთ, რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენს საგარეო კურსს.
ევროსაბჭოს თავჯდომარე ქვეყნის სტატუსი 6 თვის განმავლობაში ექნება საქართველოს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, ეს არის პატივი, რომ ატარებდე ამ სტატუსს. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ყველა იმ საკითხზე, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, როგორიცაა ოკუპაცია და ის გამოწვევები, რაც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას აქვს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უფრო აქტიური მხარდაჭერა მივიღოთ“, - თქვა მაია ცქიტიშვილმა.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ შეკრების ინიციატორი ახალგაზრდული ორგანიზაციაა და ის საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.