logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: საქართველომ თავისი კუთვნილი, კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში
- +

14 დეკემბერი. 2019. 18:57

 

 

„ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ ევროპაში ხელცარიელები ვბრუნდებით, ჩვენ ყოველთვის ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი შეგვქონდა ევროპულ ცივილიზაციაში“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ივანიშვილის განცხადებით, ჩვენს მიწაზე, „კოლხეთის აკადემიის“ ფესვებზე აღმოცენდა ევროპული განათლების ისეთი მძლავრი რეგიონალური ცენტრები, როგორიც იყო გელათის და იყალთოს აკადემიები.

 

„შემდგომში ისტორიულმა ქარტეხილებმა, სამწუხაროდ, მოგვწყვიტა ჩვენს საერთო ოჯახს, მაგრამ, როგორც კარგად აღზრდილი ადამიანი ინარჩუნებს ღირსებას ნებისმიერ გარემოში, ისე შეძლო ჩვენმა ერმა თავისი ევროპული კულტურის და ფასეულობების შენარჩუნება.

 

და მაშინაც კი, როცა არავითარი იმედი არ ჩანდა, სულხან-საბა, ისევ ჯიუტად მიისწრაფვოდა დასავლეთისკენ და თავისი - „სიტყვის კონით“ კვლავ ქმნიდა ევროპას საქართველოში.

 

მიისწრაფვოდა არა იმიტომ სულხან-საბა, რომ ვერ ერკვეოდა გეოპოლიტიკურ რეალიებში, არამედ იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შეეძლო, რადგან ევროპული იყო მისი ქართული ბუნება.

 

სწორედ ამ, ქართულმა ბუნებამ დაბადა აღმოსავლეთ მთიანეთის პატარა სოფელში ევროპული მასშტაბის მოაზროვნე და ჰუმანისტი - ვაჟა-ფშაველა და სწორედ ამ ქართულმა ბუნებამ მისცა აღაზას, ზვიადაურის დატირების უფლება.

 

სწორედ ეს ბუნება, ეს ღირებულებებია, რაც თითოეულ ქართველს ბადებს ევროპელად და საქართველოს აქცევს ევროპის ბუნებრივ ნაწილად!

 

ამიტომ, ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ ევროპაში ხელცარიელები ვბრუნდებით, ჩვენ ყოველთვის ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი შეგვქონდა ევროპულ ცივილიზაციაში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მისივე განცხადებით, ჩვენი სამშობლო - ესაა ევროპული კულტურა.

 

„თუმცა სახელმწიფო, რომელიც ისევე განსხვავდება სამშობლოსაგან, როგორც - ქვევრი ღვინისგან, - ყოველთვის როდი იყო ევროპული ტიპის. ახლა დადგა დრო, როცა ქართული, ევროპული ღვინო - ევროპული კულტურა, ასევე ევროპული ტიპის სახელმწიფოში ჩავასხათ.

 

საქართველო ევროპაში არა უბრალოდ, ფორმალურად უნდა დაბრუნდეს, არამედ თავისი კუთვნილი, კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში.

 

მე ამის მწამს და მტკიცედ მჯერა!

 

მჯერა, რადგან ვხედავ, ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო და საქართველოს ეკლესია - ერი და ბერი, ერთიანი და მტკიცეა ამ არჩევანში!

 

მჯერა, რადგან ვიცი და ვხედავ, რას ეფუძნება ევროპული ცივილიზაცია.

 

დემოკრატია, კანონის უზენაესობა, თანასწორობა და შემწყნარებლობა - ის ფასეულობებია, რაზეც დგას ევროპა და რაც ასე ღრმად არის გამჯდარი ქართულ სულში. სწორედ ეს ბუნება, ეს ღირებულებები აქცევს საქართველოს ევროპის ბუნებრივ ნაწილად“, - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner