„ერეკლე კუხიანიძის პოზიცია ვერ იქნება ხელისუფლების, მითუმეტეს ჩემი და ჩემი მეგობრების პოზიცია“, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული გუშინდელი და დღევანდელი განცხადებები შეაფასა.
„ვაჟა გაფრინდაშვილი უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს ამ უკანონო პატიმრობისგან. მისი ოჯახის წევრები აკეთებენ ყველაფერს და ეს ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებს, როდესაც ოჯახის წევრები ასეთ პრინციპულ პოზიციას აფიქსირებენ. ეს ოჯახის წევრების პოზიცია არ არის მხოლოდ მათი ოჯახის წევრის გათავისუფლებისთვის და ეს არ არის განცხადებები, რომ მხოლოდ თავისი ოჯახის წევრზე ზრუნავენ. ეს არის მთელი საზოგადოების რეაქცია, თუ ვინმეს ამაზე აქვს განსხვავებული რეაქცია, მე არ მივესალმები სხვა ინტერპრეტაციებს. ბატონი ერეკლე კუხიანიძის პოზიცია ვერ იქნება ხელისუფლების, მითუმეტეს ჩემი და ჩემი მეგობრების პოზიცია. იმედი მაქვს, რომ ის გააკეთებს დამატებით განმარტებებს და გარკვეულწილად ახსნის, თუ რა იყო მისი ამ ემოციური განცხადებების საფუძველი, რასაც მე არ მივესალმები“, - განაცხადა თალაკვაძემ.