15 დეკემბერი ანა კალანდაძის დაბადების დღეა!
ქართველი პოეტი ანა კალანდაძე 1924 წლის 15 დეკემბერს ჩოხატაურში, სოფელ ხიდისთავში დაიბადა.
საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა 1941 წელს. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით 1946 წელს.
1952 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე – ეს წოდება სამეცნიერო ხარისხის დაუცველად მიენიჭა მას 1973 წელს ინსტიტუტის გადაწყვეტილებით.
წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი კომისიის წევრად, მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად.
ანა კალანდაძემ ლექსების წერა დაიწყო 11 წლის ასაკში. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1946 წელს გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნებასა“ და ჟურნალ „მნათობში“. ლექსების პირველი კრებული გამოსცა 1953 წელს, რომელმაც დიდი პოპულარობა და საყოველთაო სიყვარული მოუტანა. ანა კალანდაძის შემდგომი პოეტური კრებულები გამოიცა 1958, 1960, 1967, 1976 და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და სხვა ენებზე.
ყველაზე სრულია მისი ორტომეული, სადაც ორიგინალური ლექსების გარდა დაბეჭდილია სტეფან მალარმეს, ალექსანდრე პუშკინისა და სხვა პოეტური თარგმანები, აგრეთვე წერილები, ესეები და მოგონებები.
ანა კალანდაძე დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორი ორდენით და ღირსების ორდენით. 1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1993 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.
1985 წელს ციკლისათვის „თავაწეული ქართული დროშები“ მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. იმავე წელს გახდა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი. 1997 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია პუბლიცისტიკის დარგში – თხზულებათა მეორე ტომში შესული პუბლიცისტურ-ესეისტური წერილებისათვის. 2006 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია „საბა“ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის. პოეტის განცხადებით, ეს უკანასკნელი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო იყო, რადგან ამ წოდებით ნათლად ჩანდა, რომ მისი, როგორც პოეტის მისია შესრულებული იყო.
გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს, ინსულტის შედეგად. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.