„სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელზეც კონცენტრირებულად უნდა მუშაობდეს სრულიად დიპლომატიური კორპუსი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ელჩების კონფერენცია 2019“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ეკონომიკურ განზომილებას. ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ ჩვენი ქვეყნის გამოწვევები უახლოესი წლების განმავლობაში ეს იქნება სამუშაო ადგილები, უსაფრთხოება და განათლება. ეს ის პრიორიტეტული მიმართულებებია, რომელზეც ჩვენ დიპლომატიურმა კორპუსმა აქტიურად უნდა იმუშაოს და უნდა გვესმოდეს, რომ სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც ქვეყნის გარეთ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ასევე ქვეყნის შიგნით არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელზეც კონცენტრირებულად უნდა მუშაობდეს სრულიად დიპლომატიური კორპუსი. ეს ის ამოცანები და მიზნებია, რომლის გადალახვის გარეშე შემდგომი განვითარება ყოველთვის იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ. კიდევ ვიმეორებ: სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს შესწევს უნარი, მზად არის და შეუძლია უაღრესად მნიშვნელოვანი, წარმატებული ფუნქცია შეასრულოს ამ გამოწვევების გადალახვაში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება საშუალება, ამ დღეებში კიდევ უფრო დეტალურად განვიხილოთ თითოეული ეს მიმართულება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.