„ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ბრიტანეთის და ჩრდილო ირლანდიის მიმართულებით. ეს არის ის მიმართულება, სადაც ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული პერსპექტივა, რომელზეც უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ელჩების კონფერენცია 2019“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტია ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს გაფორმებულია ჩვენს კონსტიტუციაში და ამას ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა უჭერს მხარს. რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად უნდა გავაგრძელოთ სვლა ამ მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ და აუცილებლად მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება ევროკავშირის ახალ ხელმძღვანელობასთან. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები არის უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსი. დღეს ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი დონის ურთიერთობა. ჩვენ არასდროს გვქონია ასეთი ყოვლისმომცველი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებებით, დაწყებული პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების განზომილებით. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი და ეს ქვეყანა ყოველთვის იქნება მზად შეასრულოს თავისი მნიშვნელოვანი როლი ამ რეგიონში უსაფრთხოების განზომილებაში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რას ნიშნავს ეს შავი ზღვის კონტექსტში და რამდენად აქტუალურია ის გამოწვევები, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი შავ ზღვაზე ხედავს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ბრიტანეთის და ჩრდილო ირლანდიის მიმართულებით. ეს არის ის მიმართულება, სადაც ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული პერსპექტივა, რომელზეც უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა. მოგეხსენებათ, პირველი ვიზიტები ამ მიმართულებით განხორციელდა და ამას ჰქონდა თავისი აბსოლუტურად გააზრებული მიზანი“, - განაცხადა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა ემიგრანტების დაბრუნებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მათი ღირსეული დაბრუნებისთვის.
„მოგეხსენებათ, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაჩნდა ახალი მიმართულება, ახალი განზომილება - ჩვენი თანამემამულეები. ეს არის ახალი ძალზედ მნიშვნელოვანი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და საბოლოო მიზანი უნდა იყოს ამ ადამიანების ღირსეული დაბრუნება სამშობლოში. ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, წარმატებული ნაწილი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხალხი წარმატებულად დაბრუნდეს თავის ქვეყანაში და ემსახუროს თავის ქვეყანას“, - განაცხადა გახარიამ.