logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი კონგრესმენების წერილზე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პარტნიორები საქმის კურსში ჩავაყენოთ
- +

17 დეკემბერი. 2019. 12:59

 

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შეფასებებსა და განცხადებებს ყურადღებით ვეცნობით და ვაანალიზებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარტნიორები საქმის კურსში ჩავაყენოთ, რის გაკეთებას ცდილობდნენ დესტრუქციული ჯგუფები და რა ჰქონდათ ჩაფიქრებული“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც აშშ-ის კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა.

 

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შეფასებებსა და განცხადებებს ყურადღებით ვეცნობით და ვაანალიზებთ. თუ მათთვის კიდევ არის დასაზუსტებელი და მისაწოდებელი ინფორმაცია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარტნიორები საქმის კურსში ჩავაყენოთ იმ პროცესების თაობაზე, რაც ბოლო პერიოდში ვითარდებოდა. კერძოდ, რის გაკეთებას ცდილობდნენ დესტრუქციული ჯგუფები და რა ჰქონდათ ჩაფიქრებული. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მიზანი ერთია, საქართველოს დემოკრატიული, მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება. ფაქტია, რომ საჭიროა, დაზუსტებული ინფორმაცია მივაწოდოთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და ჩვენ ამას გავაკეთებთ. რაც შეეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ჩვენი მხრიდან მონდომება, რომ ამ სისტემაზე გადავსულიყავით, ფაქტია. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ამ სისტემაზე გადავსულიყავით და პირადად მე მხარი დავუჭირე, თუმცა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული საზოგადოების წინაშე, ჩვენი მანდატის ფარგლებში და საზოგადოების დაკვეთაა, ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარება. ამიტომ ვერავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში არეულობა შემოიტანოს. ვერავინ იტყვის, რომ შერეული სისტემა არადემოკრატიულია, ამიტომ ჩვენი ძალისხმევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უნდა მივმართოთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა, ადამ კინზინგერმა თავის „ტვიტერის“ გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა. წერილი 13 დეკემბრით არის დათარიღებული.

 

„ქართველებს უნდათ ხალხის მთავრობა, ხალხის ნებით და ხალხისთვის. მათ სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მეტად არის გათანაბრებული დასავლეთთან და აქვთ მისწრაფება, შეუერთდნენ ნატოსა და ევროკავშირს. სწორედ ამიტომ გამოვიდა ამდენი ადამიანი ქუჩაში, რათა მშვიდობიანად გამოეხატათ მათი შეშფოთება და შემდეგ ისინი მოძალადეებს გადაეყარნენ. მაშინ როდესაც ნებისმიერ მთავრობას აქვს უფლება, გამოიყენოს კანონიერი და პროპორციული ძალა ძალადობრივი არეულობის წინააღმდეგ, დემოკრატიებმა პატივი უნდა სცენ მოქალაქეების უფლებას, საკუთარი აზრის გამოსახატად გამოიყენონ მშვიდობიანი საშუალებები. სიახლე, რომ ასობით პროტესტანტი, ჟურნალისტი, და პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი დაშავდა - და ჰოსპიტალიზებულიც იქნა - გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობით, თავზარდამცემია“, - ნათქვამია წერილში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner