„გალტ & თაგარტმა“ თბილისის უძრავი ქონების შესახებ კვლევა მოამზადა, რომელშიც გაანალიზებულია საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ტენდენციები. კვლევის მიხედვით ბოლო წლების სწრაფი განვითარების მიუხედავად, თბილისში კვლავ ძველი შენობები ჭარბობს. ამასთან, სექტორის ძლიერი ზრდის პოტენციალზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ თბილისში თანამედროვე სტანდარტებით საცხოვრებელი, სავაჭრო და საოფისე უძრავი ქონების მხოლოდ 25%-მდეა აშენებული.
„გალტ & თაგარტის“ კვლევის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში თბილისში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები სტაბილურია აშშ დოლარში და ბაზრის გადახურების ნიშნები არ იკვეთება. ამასთან, ბოლო პერიოდში მიღებული სამშენებლო რეგულაციები აქტიურ მშენებლობას ქალაქის ცენტრიდან გარეუბნებში გადატანას უბიძგებს, ხოლო ფასების ზრდას „გალტ & თაგარტის“ შეფასებით ძირითადად ცენტრალურ უბნებში გამოიწვევს. ამასთან, ბინების მოთხოვნაზე მოქმედი ფუნდამენტური ფაქტორები ჯანსაღია (მზარდი ურბანიზაცია, შინამეურნეობის ზომის შემცირება და ა.შ.), რაც მომავალში ბინების გაყიდვების სტაბილურ ზრდას შეუწყობს ხელს.
კვლევის თანახმად, თანამედროვე ოფისები თბილისში მთლიანი სივრცის მხოლოდ 22%-ს შეადგენს. ასეთი მცირე მიწოდების პირობებში იჯარის ფასები მაღალია. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ბოლოსთვის დედაქალაქს ახალი თანამედროვე ოფისები დაემატება, რაც „გალტ & თაგარტის“ შეფასებით ფასებზეც აისახება.
თბილისში თანამედროვე სავაჭრო ცენტრები ბოლო წლებში სწრაფად განვითარდა. ამასთან, მოკლევადიან პერიოდში სავაჭრო ცენტრების შემდგომი გაფართოების აუცილებლობა არ იკვეთება, თუმცა მათი დომინირება მომავალში გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ სხვა ქალაქებისგან განსხვავებით თბილისში ქუჩის საცალო მაღაზიები (street retail) რითეილერებისთვის არამიმზიდველია და გამონაკლისს მხოლოდ რუსთაველის გამზირი წარმოადგენს.
„გალტ & თაგარტის“ მიხედვით, მაღალი კლასის სასტუმროების სეგმენტში დაგეგმილი პროექტები ჭარბი მიწოდების რისკებს შეიცავს მოკლევადიან პერიოდში და მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვის აუცილებლობას უსვამს ხაზს. რაც შეეხება ბიუჯეტურ სეგმენტს, ის მთლიანად Airbnb-ს აქვს დაკავებული.
„ღონისძიების მთავარი მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც თავს მოიყრიან მოცემული სექტორის აქტიური მონაწილეები - კერძო სექტორი და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, რათა მოხდეს სექტორში არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობა, დისკუსიის გამართვა. გვსურდა მოწვეული სტუმრებისათვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია თუ როგორ ვითარდება და რა პერსპექტივები არსებობს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ევა ბოჭორიშვილმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge