„თუ სტრასბურგის დასკვნა არსებობს კონკრეტულად მარიამ ჩოლოიანთან მიმართებით და ის არის მოხსენიებული საქმეში, რა თქმა უნდა, თუ არც ერთი კანონით განსაზღვრული ღონისძიება არ გატარდა და ის რჩებოდა სისტემაში, რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემა“, - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე არასამთავრობო სექტორის განცხადებას, რომ გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი ფიგურირებს საქმეში, რომელთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ დარღვევები დაადგინა.
სოფო კილაძე უსამძიმრებს გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახს და აცხადებს, რომ საჭიროა შეიქმნას ისეთი სისტემა, სადაც არასრულწლოვანთან დაკავშირებულ საქმეში კოორდინირებულად ჩაერთვებიან სახელმწიფო სტრუქტურები, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტრაგედიები.
„ჩვენთვის მთავარია არა მხოლოდ გამოძიება მივიდეს ახლა ბოლომდე და გამოიკვეთოს ვისი დანაშაულებრივი ქმედება იყო ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებული, არამედ ჩვენ შევქმნათ ისეთი სახელმწიფო სისტემა, სადაც მაშინვე კოორდინირებულად ჩაერთვება სხვადასხვა სახელმწიფო სისტემა, როცა რაღაც პრობლემა არის ბავშვთან დაკავშირებით. აქ აუცილებელია ოჯახის ჩართულობა, უმნიშვნელოვანესია სკოლის, სხვადასხვა სახელმწიფო სისტემების, სტრუქტურების კოორდინირებული ქმედება იმისთვის, რომ პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ბავშვი არ გავრიყოთ და არ დავტუქსოთ.
დამერწმუნეთ, ამ პროცესში არავინ არავის ხელს არ დააფასებს და სწორედ ამიტომ ვთხოვეთ ქალბატონ ლონდა თოლორაიას მოსვლა, რომ გავიაროთ ყველა დეტალი, რათა საზოგადოებას კითხვა არ დარჩეს. ეს არის უმძიმესი შემთხვევა მთელი ქვეყნისთვის და ვინმესთვის ხელის დაფარებაზე საუბარი არის არარელევანტური და ვინმეს მხრიდან ამის მცდელობა იქნება არაადამიანობა.
თუ ამ კონკრეტული პირის ( გამომძიებელ მარიამ ჩოლოიანის) მიმართ სტრასბურგმა პირდაპირ გამოიტანა შესაბამისი დასკვნა და ეს ადამიანი კიდევ რჩებოდა ამდენი ხანი სისტემაში, რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემა. მაგრამ, ვიდრე რაიმე დეტალურ განცხადებას გავაკეთებ, აუცილებლად უნდა გავესაუბრო სახელმწიფო ინსპექტორს, რომ მივიღო მეტი ინფორმაცია, თუმცა, თუ ნამდვილად ასე იყო და სტრასბურგის დასკვნა არსებობს კონკრეტულად ამ ადამიანთან მიმართებით და ის არის მოხსენიებული საქმეში, რა თქმა უნდა, მის მიმართ რომ არც ერთი კანონით განსაზღვრული ღონისძიება არ გატარდა, ეს არის პრობლემა. თუმცა, სხვის ნათქვამზე სპეკულირებას ვერ დავიწყებ, მე თვითონ უნდა ჩავიხედო და ვნახო, მოვიძიო მეტი ინფორმაცია“, - განაცხადა სოფო კილაძემ.