„მინდა, თანაგრძნობა გამოვხატო ბავშვის ოჯახის მიმართ, უამრავი ადამიანია, ვინც განიცდის ამ ამბავს“, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა ქეთი კობალაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ტრაგედიასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„მე, როგორც ფსიქოლოგმა ერთი რამ მინდა ვთქვა... უკიდურესად პესიმისტური და ნეგატიური რეაქციებია, ყველა თავის აზრს წერს სოციალურ ქსელში, ჩვენ ამას ვკითხულობთ და ყველას მიღმა რჩებიან ბავშვები. ეს ურთულესი ასაკია... როდესაც ბავშვი ამ ზომამდე მიდის, ესე იგი, მას ძალიან მძიმე განცდები ჰქონდა, დეპრესიული იყო, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა და ბოლო მომენტმა, რაც პოლიციაში მოხდა, საერთოდ, კატასტროფულად დააგვირგვინა ეს ამბავი. დანარჩენ ბავშვებზე, თინეიჯერებზე, ამ ურთულეს ასაკში მყოფ ბავშვებზე უნდა ვიფიქროთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უფროსების მხრიდან ამდენი უსასოობის ფრქვევა. როდესაც ხარ ცუდად, გჩაგრავენ, უსამართლოდ გექცევიან, ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს ამ დროს. ამ მიმართულებით უნდა აძლევდეს სკოლა ბავშვს განათლებას და უნდა ასწავლიდეს, რომ ამ დროს მარტო არ ხარ და რომ არსებობს რაღაც ორგანიზაციები, ადამიანები, სადაც მიხვალ და მოგისმენენ. უპირველეს ყოვლისა, არსებობს ოჯახი! სრულიად უარყოფით გარემოში ვზრდით ჩვენს შვილებს და აი, მათი პასუხი! უსიყვარულოდ, ყოველგვარი ემპათიის, თანაგრძნობის გარეშე... მათ არ იციან, რომ უფროსები არიან ის ადამიანები, ვისთანაც უნდა მიხვიდე და დახმარება ითხოვო“, - განაცხადა ქეთი კობალაძემ.