„ეს არის სწორედ ჯაჭვური რეაქციის სუიციდი, რომელიც ძალიან საშიში ფენომენია“, - ამის შესახებ „ინდიგოს“ რედაქტორმა ნინო ლომაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის ტრაგედიასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„რა არის ის გზავნილი, რომელიც ნებისმიერი გაშუქებისას გვინდა რომ გავავრცელოთ, რას ვამბობთ ამ ამბით? როგორც კი ამაზე ვიწყებთ ფიქრს, შემოდის სწორედ ეს პასუხისმგებლობა, რომ რაღაცნაირად გავთვალოთ, როგორ შეიძლება ეს გზავნილები წავიკითხოთ. მაგალითად ამ ბავშვის ფრაზა, რომელიც თვითონ დატოვა მეხსიერებად, გზავნილად და სიგნალად ჩვენთვის, როგორც კი ხვდება ქუჩებში, კედლებში, ის მოცემულობად იქცევა, კონტექსტს იცვლის. სრულიად აპათიური, სასოწარკვეთის პიკზე მყოფი ადამიანის ამოძახილია, რომელიც ბევრნაირად შეგვიძლია გავშიფროთ. ისიც კი არ ვიცით, ამ ბავშვმა გააკეთა თუ არა ეს წარწერა, მაგრამ ვავრცელებთ ამ გზავნილს, რომელიც სულ სხვანაირად იკითხება, იმიტომ, რომ იცვლის შინაარსს ნებისმიერი სხვა კონტექსტში მოხვედრის დროს“, - განაცხადა ნინო ლომაძემ.