logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: არ ვფიქრობ, რომ მომხდარი მხოლოდ ერთი პოლიციელის თემაა
- +

18 დეკემბერი. 2019. 18:53

 

„მთლიანად აღზრდის სისტემასა და არასრულწლოვნებთან ურთიერთობაზე სიღრმისეული დაფიქრება გვმართებს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

 

დეპუტატის თქმით, ძალადობრივი სისტემა, მათ შორის ბავშვებისადმი ძალადობის სისტემა დიდი ხანია, დაინგრა და მის ნაცვლად ძალიან ეფექტიანი საკანონმდებლო ბაზა და სტრუქტურები აშენდა, თუმცა ეს არ არის მთავარი.

 

„თუ ამ ყველაფერს ისეთი რეალიზების მექანიზმები არ ექნება, რომელიც ყველა სტრუქტურაში იქნება გასული, დაწყებული ერთი პოლიციელიდან დასრულებული მინისტრებით და თუნდაც, არასამთავრობო ორგანიზაციებით, თუ ჩვენი ინტელექტუალური რესურსი არ გაერთიანდა, სანამ ასეთ ფაქტებზე პოლიტიკური სვავების პარპაში იქნება, ამ საკითხს არაფერი ეშველება. წინა ხელისუფლების რეჟიმს 2011 წლამდე 177 მცირეწლოვანი ბრალდებული ჰყავდა, რაც 40-მდე შემცირდა და დაკავებულთა რაოდენობა მინიმალურია. თუმცა ეს საკმარისი არ არის, ყველა კეთილი ნების ადამიანი უნდა გაერთიანდეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ პოლიტიკური სპეკულაციის ის ინტენსივობა, რაც დღეს არის. საკანონმდებლო ბაზის, სტრუქტურებისა და სამართლებრივი თვალსაზრისით უპრეცედენტოდ ლოალური დამოკიდებულების მიუხედავად, ვფიქრობ, სიღრმისეული დაფიქრება გვმართებს მთლიანად აღზრდის სისტემასა და არასრულწლოვნებთან ურთიერთობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამას საჭიროებს“, – განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა.

 

კითხვაზე, რატომ რჩებოდა სისტემაში გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ვოლსკი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი დამატებით პასუხებს საჭიროებს.

 

„კონკრეტულ პოლიციელზე უნდა მოვიკითხოთ, ვინ დაუშვა ის, რომ იმ პერიოდში ბრალდებული პოლიციელი ისევ ოფისში იყო, მაგრამ სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, ამ პოლიციელის დანაშაულის ხარისხზე საუბარი ნაადრევია. ეს ყველაფერი მთლიანად ერთი შემთხვევა არ არის. რთულია ილაპარაკო, განსაკუთრებით, მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლის დაკარგვაზე და განსაკუთრებით რთულია გაიაზრო ის, რომ შენს ქვეყანაში ეს არ არის ერთადერთი ფაქტი. არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი პოლიციელის თემაა, ამაზე მთელი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება უფრო ღრმად უნდა დაფიქრდეს“, – დასძინა ვოლსკიმ.

 

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ჩოლოიანი ფიგურირებს 2011 წლის 26 მაისს ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძის საქმეშიც. საია-ს ცნობით, გოგუაძე განმარტავდა, რომ მთავარ სამმართველოში მოწმის სახით გამომძიებელმა ჩოლოიანმა დაკითხა. დაკითხვის პარალელურად გრძელდებოდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, დაკავებულმა მიიღო არაერთი ფიზიკური დაზიანება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner