სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და აქ ყველა ყველას ცნობს. არაფერი აქ არ იმალება. ერთი დიდი იტალიური ეზო ვართ. სხვა დიდ თუ პატარა ქვეყნებში ბევრგან ასე არაა და ამავე დროს იქ არის სხვანაირი სოციალური მდგომარეობა, ვიდრე ჩვენთან, რაც იმას უფრო ამძიმებს, რაზეც ქვემოთ დავწერ.
ხალხო, ყველამ ღრმად ჩაიხედეთ თქვენ საკუთარ გულებში და გაიხსენეთ, ან ზოგს ნასწავლ-წაკითხული გექნებათ, თუ არ განგიცდიათ, რომ ასაკში, როდესაც ადამიანი არის იმ ასაკის, რამხელაც ლუკაბიჭი (პაპამ იცოდა ასე მიმართვა) იყო, ყველას სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა, ლიდერობა და ა.შ. ამ დროს ყველას ვაკვირდებით, როგორ გვიყურებენ, რას ამბობენ ჩვენზე, თუ გვაქებენ - გვიხარია და ვამაყობთ (თავში ავარდნამდე), თუ გვაკრიტიკებენ - განვიცდით გამძაფრებულად. ვართ მიმბაძველები, ყველა ქარიზმატული, ძლიერი, მოდური თუ ლამაზი პიროვნების მიმართ, გმირის მიმართ, ახლა უკვე „სელებრითის“ მიმართ და ა.შ. მოკლედ, ე.წ. გარდატეხის ასაკის სიძნელეები. მითუმეტეს, ამას თუ ემატება ოჯახში კონფლიქტი, სიდუხჭირე, აუხდენელი სურვილები... მიზანი გშორდება და უფრო მძაფრი ხდება სურვილი, გახდე მისაბაძი. ამ დროს, თუ რაიმე შანსი მიეცემა ბავშვს, ის არ გაუშვებს ხელიდან, მოხვდეს ყურადღების ცენტრში და მისი ცნობიერება ამ დროს იმდენად სათუთია, რომ უბედურებამდე ერთი გაელვება რჩება მხოლოდ. ეს ბევრმა იცით, არ გასწავლით.
კიდევ ვრცლად მინდოდა დამეწერა, არ გამოდის აქ, ჰოდა, რისი თქმა მინდა... საბოლოოდ ჩვენს დასტრესილ ქვეყანაში, როდესაც ძალაუფლების წყურვილით დაბრმავებული ბრბო ყველაფერს კადრულობს და ყველა ზღვარს გადადის, ყველას უბედურებას იყენებს საკუთარი მიზნის მისაღწევად - ჩამოაგდოს მთავრობა, მოვიდეს ხელისუფლებაში, აკეთებს რას? ბავშვს, რომელმაც სიცოცხლე მოისპო იყენებს, ამისთვის! ატრიალებენ მის ფოტოებს, მის გამონათქვამებს, ზოგს იგონებენ, უფრო ამრავალფეროვნებენ, ლამის ყველგან მისი ფოტოებით იარონ, გამოფინონ და გმირად წარმოაჩინონ, იმის ნაცვლად, რომ მიზეზებზე ვიფიქროთ, თუ რატომ მოხდა ეს, თავში წავიშინოთ ხელები, საკუთარ თავში, ოჯახში და საზოგადოებაში ვეძებოთ თავი პრობლემისა. ვასწავლოთ ბავშვებს თვითმკვლელობის ცოდვის შესახებ და ა.შ. ხდება ეს დანაშაული...
და ამით რას აკეთებენ? ქმნიან ნიადაგს უფრო დიდი უბედურებისთვის, იმავე ასაკის ბავშვები, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებენ და ხედავენ, რომ ეს მათი გარდაცვლილი თანატოლი, ასეთი „ცნობადი“ (ჯვარი ყველას შვილს ეწეროს) გახდა, მის ოჯახის წევრებს ყველა არხზე და მედიასივრცეში ატრიალებენ, ალაპარაკებენ, სთავაზობენ თანადგომას -პარტიულს, მატერიალურს, სულიერს, ყველანაირს, მოკლედ ლამის საარჩევნო სიაში ჩაწერონ და ათასი უბედურება... არ უშვებთ იმას, რომ რომელიმე ამ პაწია-დიდმა გაივლოს თავში, რომ მისი გაჭირვებული ან თუნდაც „არასელებრითი“ ოჯახი, რომელიც სიგიჟემდე უყვარს, მას ეძლევა „შანსი“, რომ გახადოს ფინანსურად ძლიერი და „სელებრითი“ მისი ე.წ. „გმირობით“ (თვითმკვლელობით). ეს ძალიან რთული წარმოსადგენი გგონიათ? ამის დაშვება ხომ შეიძლება? მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ეკლესია და სარწმუნოება ბინძურების მიერ გათელილია ფეხქვეშ, სკოლაში ფსიქოლოგების დონე ნოლზე დაბლაა და ქვეყანაში სრული მასიური ფსიქოზია... მე მეშინია ამის... რეკლამირდება თან სლოგანი „ამ ცხოვრების დედაც...“ მიმბაძველობა!
და ვინ აიღებთ პასუხისმგებლობას იმ მომავალ მსხვერპლზე? ვინ დაიდანაშაულებთ თავს? ყოველდღე რომ უკლავთ გულით საყვარელ ოჯახის წევრს ამ პაწიებს სიტყვით, თქვენი ბინძური ცილისწამებით, და ყიამყრალობით?
გონს მოვეგოთ! სანამ ძალიან გვიან არაა! ეს დიდი ზვარაკი, რომელიც ლუკამ და აქამდე ბევრმა გაიღო, საკმარისია!“ - წერს გოგაშვილი.