ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ჩვენ ვხედავთ, რომ თუ როგორ ხდება საზოგადოების სამართლიანი აღშფოთების პოლიტიზირება, მომხდარი ფაქტის გამო, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთებქვეშ წამოჩიტული ახალგაზრდული მოძრაობები, რეალურად კი ნეოკმარელები ახორციელებენ, გარდაცვლილი მოზარდის მიერ სკოლის კედელზე დატოვებული წარწერის უტრირებით, ნაცმოს და მასთან აფილირებული პოლიტიკური სპექტრის მიერ მართული მედიასაშუალებებით. მათი დევიზია - მიზანი ამართლებს საშუალებას და ნაკლებად აინტერესებთ, რომ ამ საკითხის პოლიტიზირება და ზღვარგადასული აგრესია, მოზარდებში ზრდის დეპრესიას და ამძაფრებს უიმედობის განცდას, რაც არასრულწლოვნებში სუიციდის წახალისებას უწყობს ხელს.
მიმაჩნია, რომ ეს ტრაგედია მოითხოვს ძალიან ბევრი რამის გადაფასებას, და პირველ რიგში, ჩვენთან გაფეტიშებული ლიბერალიზმის ახლებურად გააზრებას. აქ ვგულისხმობ, როგორც სიტყვის თავისუფლების, ასევე ოჯახის ინსტიტუტის, ეკლესიის, საგანმანათლებლო და სამართლებრივი სისტემების როლს და მათ პასუხისმგებლობას, რაც დიდწილად სწორედ არასწორად გაგებულმა და დეჰუმანიზმამდე დაყვანილმა ლიბერალიზმმა გამოუწვია.
როდესაც აღნიშნულ თემებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ნეოლიბერალურმა დოქტრინამ პოლიტიკაში და ეკონომიკაში, ასევე კულტუროლოგიურ ასპექტში, უზრუნველყო მრავალპარტიულობა და პოლიტიკური პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა საკანონმდებლო და კონსტიტუციურ დონეზე, თუმცა საბაზრო თავისუფლებამ და კონსუმერიზმის ფართო პროპაგანდამ, საბოლოო ჯამში შეიწირა ინდივიდიც, ოჯახიც და სულიერებაც და გასაკვირი არ არის, რომ ამ მატერიალისტურ სისტემაში ღმერთის როგორც სულიერების უმაღლესი სუბსტანციის ადგილი თითქმის აღარ დარჩა.
ამიტომაც ითვლება, რომ ამ დოქტრინამ თავისუფალი ბაზრისა და ლიბერალიზმის დროშით, „დახურა ვოლტერის, დიდროს და რუსოს დროიდან მომდინარე განმანათლებლობა“. საბაზრო თავისუფლება კი იქცა ახალი პოლიტიკის თავისებურ დიქტატად, კულტურული და ისტორიული კატეგორიების გადაფასებით და მიუღებლობით. მიიჩნევა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში საბაზრო თავისუფლების იდეად ჩაფიქრებული ნეო-ლიბერალიზმის მემარჯვენე დოქტრინა გადაიქცა რეპრესიულ სისტემად, რამაც წაშალა ზღვარი ეკონომიკასა და პოლიტიკას, ჰუმანიზმსა და ანტიჰუმანიზმს შორის. ნეო-ლიბერალიზმის, როგორც ბოლო ათწლეულებში წამყვანი იდეოლოგიური პლატფორმის კრიზისმა, განსაკუთრებით, 2008 წლის გლობალური კრიზისის წინა და შემდგომ პერიოდში იჩინა თავი, რასაც უკვე პოლიტიკურ დონეზე მოჰყვა ბრექსიტი ინგლისში და დონალდ ტრამპის მოსვლა ამერიკაში. დიდ ბრიტანეთში კონსერვატორი ჯონსონის ბოლო გამარჯვებაც ლიბერალებზე ამის დასტურია.
რაც ამერიკაში ხდება, ვგულისხმობ ნეოლიბერალების ღია გალაშქრებას ტრამპის წინაღმდეგ, და დემოკრატების მცდელობა იმპიჩმენტზე, ამ გლობალური იდეოლოგიური დაპირისპირების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.
დღეს საქართველოც ამ გლობალური დაპირისპირების ერთ-ერთი ეპიცენტრია. არ გვეგონოს, რომ „ნაცმო“ და მის იდეურ პლათფორმაზე მყოფი ლიბერასტები, მხოლოდ პროპორციულ არჩევნებს აპროტესტებდეს. ეს არის ღია, დემოკრატიის ნიღბით შეფარული რევანშის მცდელობა. ღია ტექსტით საუბარი ხელისუფლების შეცვლაზე ამ სტრატეგიის ნაწილია. ის პრობლემები კი, რამაც დღეს იჩინა თავი, საზოგადოებრივი პოლარიზაციის, სოციალური სეგრეგაციის, მიგრაციის, თუ სიღარიბის სახით, ამ თავსმოხვეული ნეოლიბერალიზმის შედეგია.
ეს ბრძოლაც ამერიკელი და ევროპელი ხალხების მსგავსად, ქართველი ხალხის გამარჯვებით უნდა დასრულდეს!“ - წერს ცუცქირიძე.