logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: გვაქვს ამბიციური გეგმები იმასთან დაკავშრებით, როგორ უნდა მოხდეს საქართველოს მეტი ინტეგრაცია ევროკავშირში
- +

21 დეკემბერი. 2019. 16:52

 

„გვაქვს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი ორივე მიმართულებით, მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი მოლოდინი და გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური გეგმები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს მეტი ინტეგრაცია ევროკავშირში“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „ელჩების კონფერენცია 2019“-ის შეჯამებისას, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორი მთავარი პრიორიტეტი - ევროპულ სტრუქტურებში და NATO-ში ინტეგრაცია იყო. 

 

მინისტრის თქმით, 2019 წელს საქართველომ გააქტიურა ევროკავშირთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი, რაც მხოლოდ საქართველოსთვის შეიქმნა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ევროკავშირი საქართველოს აღიარებს, როგორც ლიდერ ქვეყანას აღმოსავლეთ ევროპის სხვა პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებაში. ამის დასტურად მინისტრმა მოიყვანა უმაღლესი დონის შეხვედრა ბრიუსელში; ევროკავშირთან არსებული უსაფრთხოების დიალოგი, ასევე  ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა - კონცეპტუალური დოკუმენტი, რომელიც საქართველომ წარადგინა ევროკავშირის წინაშე და რომლის ეფექტიან იმპლემენტაციაზეც, ასოცირების დღის წესრიგთან ერთად,  საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს. ელჩების კონფერენციის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ  ყველა დიპლომატიურ მისიას მიეცა დავალება გააქტიურონ საქმიანობა ამ მიმართულებით, როგორც ორმხრივ ფორმატებში, ისე ბრიუსელთან, რადგან საქართველოსთვის ეს არის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი.

 

მინისტრის თქმით, საქართველოს კარგად ესმის და აანალიზებს ევროკავშირის შიგნით შექმნილ სიტუაციას.

 

„იმ გამოწვევების ფონზე, რაც ევროკავშირის წინაშე არსებობს, ჩვენ ადეკვატურები უნდა ვიყოთ და რეალისტური გეგმები განვსაზღვროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. საბოლოო მიზანი არის წევრობა, მაგრამ ჩვენ უნდა ვეძებოთ ის ეფექტური მექანიზმები, ფორმატები, რაც ჩვენ კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ევროკავშირთან“, - განაცხადა მინისტრმა.

 

ახალი ფორმატების განსაზღვრის კუთხით, გარდა საგზაო რუკისა, მინისტრმა გამოყო ე.წ. უკრაინა-საქართველო-მოლდოვას  ტრიოს ფორმატი, რომლის დეკლარირებაც ბრატისლავაში  მოხდა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით პარტნიორებთან ერთად გაგრძელდება აქტიური მუშაობა. 

 

მინისტრმა ასევე ისაუბრა ბათუმის კონფერენციაზე, რომელიც წელს უპრეცენდენტო იყო თავისი მასშტაბებით, შინაარსითა და მონაწილეთა რაოდენობით. ზალკალიანის განცხადებით, ბათუმის ევროპული კონფერენცია მომავალ წელსაც გაიმართება და იქნება ადეკვატური იმ გამოწვევებისა  და იმ არსებული სიტუაციისა, რომელიც არის ევროკავშირის ფარგლებში შექმნილი. 

 

მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე ევროკავშირთან მეტი სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობას და ქვეყნის ფუნქციური მომზადების აუცილებლობას.

 

შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ხაზი გაესვა 2019 წელს, როგოც NATO-ში ინტეგრაციის კუთხით უპრეცედენტო  წელს. მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს გაიმართა  მაღალი დონის ვიზიტები და ღონისძიებები. მისი თქმით, საქართველოს მომავალი წლისთვის  კიდევ უფრო მეტად ამბიციური გეგმები აქვს.

 

„წელს ვუმასპინძლეთ NATO-ს გენერალურ მდივანს, გვქონდა სამხედრო კომიტეტის ვიზიტი; ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი; საზღვაო მთავარსარდლის ვიზიტი და მომავალი წელიც იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ საქართველო აქტიურად იყოს ჩართული მინისტერიალებში. წელს გაიმართა NATO-საქართველოს კომისიის 18 შეხვედრა, რაც მიანიშნებს ურთიერთობების ინტენსივობაზე“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

მინისტრის ინფორმაციით, ასევე გამოიკვეთა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის კუთხით თანამშრომლობის პრიორიტეტები, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოება.

 

ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს წვლილს გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ გამკლავებაში, რაც გამოიხატება საქართველოს მონაწილეობით სწრაფი რეაგირების მისიაში ავღანეთში.

 

„ელჩების კონფერენცია 2019: საქართველო ევროპის საბჭოს ქვეყანა - საერთო ღირებულებების, უფლებებისა და თავისუფლებისთვის“ 2019 წლის 17 დეკემბერს გაიხსნა და 20 დეკემბერს მინისტრის შემაჯამებელი ბრიფინგით დაიხურა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner