გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რძის ადგილობრივ მწარმოებლებსა და გადამმუშავებელი სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და რძის სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, სამინისტრომ შეასრულოს მედიატორის როლი რძის პირველად მწარმოებლებსა და გადამმუშავებლებს შორის, რათა არსებული გამოწვევები დროულად და ეფექტიანად გადაიჭრას.
„სამინისტრო აქტიურად მუშაობს რძის სექტორში არსებული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ როგორც რძის პირველად მწარმოებლებთან, ასევე გადამმუშავებელი სექტორის წარმომადგენლებთან, რათა დარგის განვითარების პოლიტიკის ნაწილში, მათი ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაციის ასახვა მოხდეს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრაზე, რძის სექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“, რომლის მიხედვით 2020 წლის პირველი იანვრიდან, სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, რომლებიც ორგანიზებულად ეწევიან სურსათის წარმოებას, გადამუშავებას და რეალიზაციას. სახელმწიფო კონტროლი არ გავრცელდება ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ოჯახური წარმოებას ეწევიან და მცირე რაოდენობით ახორციელებს სურსათის წარმოებას, გადამუშავებას და რეალიზაციას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სურსათის უვნებლობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფას, მომხმარებლის ინტერესების და ჯანმრთელობის დაცვას, ასევე მერძევეობის სექტორის განვითარებას და კეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორებისთვის ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას.
შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, რძის პირველადი მწარმოებლები, გადამმუშავებელი სექტორის და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები.