„დროა ევროკავშირმა საქართველოს აჩვენოს, რომ გაწევრიანების პერსპექტივა არსებობს“, - ამ სათაურით ცნობილი ბრიტანული გამოცემა Emerging Europe საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ინტერვიუს აქვეყნებს.
„ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა აქვს. ორივე მიმართულება საქართველოს მთავრობის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტია და ასახულია ქვეყნის უმაღლეს კანონში - კონსტიტუციაში, ასევე, მთავრობის სამოქმედო გეგმასა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში. საქართველოს მთავრობისთვის მოსახლეობის ასეთი დიდი მხარდაჭერა უდიდესი პრივილეგიაა, რაც გვაძლევს ძალას მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ ამ მიმართულებით. ჩვენ უკვე გვაქვს შთამბეჭდავი პროგრესი მას შემდეგ, რაც საქართველო 10 წლის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ნაწილი გახდა“, - განაცხადა მინისტრმა ინტერვიუში.
სტატიის ავტორი 2019 წელს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გამართულ მასშტაბურ შეკრებაზე წერს და პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სიტყვები მოჰყავს, რომ საქართველო დღეს ისე ახლოა ევროპასთან, როგორც არასდროს.
„ქვეყანამ ამ ყველაფერს „ქართული ოცნების“ ლიდერთან - ბიძინა ივანიშვილთან ერთად მიაღწია“, - აცხადებს ავტორთან საუბარში საგარეო საქმეთა მინისტრი. მისი თქმით, საქართველო აცნობიერებს, რომ მან კიდევ ბევრი რამ უნდა გააკეთოს წევრობის მიზნის მისაღწევად.
ჟურნალისტის შეკითხვაზე იმ სკეპტიციზმთან დაკავშირებით, რაც ევროკავშირის წევრ დედაქალაქებში გაფართოების საკითხზე არსებობს, ზალკალიანი პასუხობს, რომ ამის მიუხედავად ქვეყანა არ კარგავს შემართებას და ხაზს უსვამს თავად ინტეგრაციის პროცესის სარგებელს ქვეყნის განვითარების, დემოკრატიული პროცესების გაძლიერებისთვის.
„ინტეგრაციის პროცესს ჩვენ ასევე განვიხილავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტექსტში, რადგან ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც მიმზიდველია ოკუპაციის ხაზს იქით მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის. ჩვენ გვსურს, მათ გავუზიაროთ ყველა ის სიკეთე და მიღწევა, რაც ინტეგრაციის გზაზე მივიღეთ“, - აცხადებს ზალკალიანი.
მისი განცხადებით, საქართველო ითვლება მოწინავედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, შესაბამისად, ეს პროგრესი უკუკავშირს საჭიროებს. თავის დროზე ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებამ ამ მიზნის გარშემო გააერთიანა სრულიად საქართველოს საზოგადოება - მმართველი გუნდი, ოპოზიცია, ექსპერტული წრეები. ასოცირების შეთანხმების შემდგომ მსგავსი ასეთი მიზანი, რომლის გარშემოც გავერთიანდით იყო ვიზა-ლიბერალიზაცია.
„ახლა ჩვენ გვჭირდება დამატებითი მიზანი ამ გზაზე, რომელიც მოახდენს საზოგადოების კონსოლიდაციას, დააჩქარებს რეფორმების პროცესს. გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების დაწყების მზაობა ნამდვილად იქნებოდა ეს მიზანი“, - აცხადებს ზალკალიანი.
„ევროკავშირის რუკა საქართველოს შემადგენელით ყოველთვის ჩემს ფიქრებშია. ვიცი ევროპა საქართველოთი უფრო მდიდარი იქნება. ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირში სხვადასხვა მომართულებით, მაგალითად, გეოპოლიტიკური მდებარეობა, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ევროპისთვის, ასევე აზიისთვის. ეს ყველაფერი, არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს ჩათვლით, ჩვენ მნიშვნელოვან პარტნიორად გვაქცევს ევროკავშირისთვის“, - აცხადებს ზალკალიანმა.
მისი თქმით, საქართველოს მზაობა წევრობისა და არსებულ გამოწვევებთან გამკლავებისთვის აშკარაა.