უზბეკეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც 20 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მონაწილეობს. დაკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის 150 ადგილისათვის პარტიის კანდიდატები იბრძვიან. არჩევნებს, პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში ეუთო-ს მისია აკვირდება, რომელსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი ხელმძღვანელობს.
ორგანიზაციის 300 მდე დამკვირვებელი ტაშკენტში და რეგიონებში ატარებს მონიტორინგს საარჩევნო პროცესის ეუთო-ს სტანდარტებთან შესაბამისობის და რეკომენდაციების შესრულების კუთხით.
„ამ არჩევნებს ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ახალი საარჩევნო კოდექსისა და ფართომასშტაბიანი რეფორმების პირობებში ტარდება. შესაბამისად საარჩევნო დღე და პროცედურების დაცვა, დარღვევების პრევენცია და მოსახლეობისათვის თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფა, მნიშვნელოვანი ტესტია ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
კრიტიკულ საკითხებად კვლავ რჩება პოლიტიკური პლურალიზმისა და ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე სამოქალაქო სექტორის და მედიის დამოუკიდებლობის გარანტიები. ქვეყნის პრეზიდენტისა და სხვა ლიდერების განცხადებით, არჩევნების შემდგომ დემოკრატიული პროცესები და ეკონომიკის ლიბერალიზაცია მაღალ ტემპით გაგრძელდება.
გიგი წერეთელმა შეხვედრები გამართა უზბეკეთის სენატის თავმჯდომარესთან, ტანზილა ნარბაევასთანდა სენატის წევრებთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობასთან, არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერთან, არასამთავრობო სექტორის, მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შედეგები, 23 დეკემბერს, უზბეკეთის დედაქალაქში, სპეციალურ ბრიფინგზე იქნება წარმოდგენილი.