საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია უკრაინის ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული ყველა ძირითადი საკითხი. ისაუბრეს ორი ქვეყნის საერთო ევროპულ პერსპექტივებზე და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების გამოწვევებზე და რუსეთიდან მომდინარე მზარდ აგრესიაზე, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინისთვის არამედ, მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტი უკრაინაში და საქართველო-უკრაინის სტრატეგიული საბჭოს შექმნა, რომელიც ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანს.
ირაკლი ბერაიამ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და ქვეყნის მიერ გატარებულ წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა უკრაინის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერისთვის.