logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებს
- +

24 დეკემბერი. 2019. 12:20

 

„ჩემთვის გაზეთებში შეკვეთილი სტატიები და მათ მიერ გაკეთებული განცხადებები საინტერესო არ არის. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ოფიციალური განცხადება, რომელიც გუშინ გაკეთდა, სადაც დადებითად არის შეფასებული ის რეფორმები, რომლებიც ბოლო წლების და თვეების განმავლობაში გატარდა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას განუცხადა.

 

„მთავარი ამ განცხადებაში იყო ის, რომ დადებითად აფასებენ რეფორმას, რომელიც იყო განხორციელებული სასამართლოს მიმართულებით. ძალიან დადებითად აფასებენ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დემოკრატიის თვალსაზრისით, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან. ისინი რეალურად ხედავენ და აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე დადებით მოვლენებს.

 

გამოწვევები, რა თქმა უნდა, არის. ყველაფერი საუკეთესო არცერთ განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ.

 

ჩემთვის გაზეთებში შეკვეთილი სტატიები და მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, საინტერესო არ არის. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ოფიციალური განცხადება, რომელიც გუშინ გაკეთდა, სადაც დადებითად არის შეფასებული ის რეფორმები, რომლებიც ბოლო წლების და თვეების განმავლობაში გატარდ“, - განაცხადა კალაძემ.

 

რაც შეეხება მინიშნებებს, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში პროკურატურასთან დაკავშირებით გაკეთდა, კალაძე აცხადებს, რომ „ყველაფერი იქნება გამოსწორებული, ყველაფერი იქნება მოწესრიგებული“.

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით გუშინ მორიგი განცხადება გაავრცელა.

 

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის სტრატეგიულ პარტნიორთან - საქართველოსთან, რათა ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობასა და ანგარიშვალდებულ ინტიტუტებს.

 

„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner