„ვისაც ამ განცხადების კითხვა შეუძლია, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს განცხადება, რეალურად, მხარდამჭერი განცხადებაა. მოწოდება, რომ სასამართლოს და პროკურატურის შემდგომი დამოუკიდებლობისთვის ძალისხმევა გაძლიერდეს, კრიტიკა არ არის“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას.
კობახიძის თქმით, ეს განცხადება სხვადასხვანაირად თარგმნეს და გაიგეს, რაც მიკერძოებაზე მიანიშნებს. კობახიძის მტკიცებით, ამ განცხადებაში პოლიტიკურ პროკურატურასა და პოლიტიკურ სასამართლოზე საუბარი არ არის.
„არამარტო სხვადასხვანაირად გაიგეს, არამედ სხვადასხვანაირად თარგმნეს კიდეც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რაც აშკარა მიკერძოებაზე მიანიშნებს. ეს განცხადება მარტივად ითარგმნება და მარტივად განიმარტება. პოლიტიკურ პროკურატურასა და პოლიტიკურ სასამართლოზე აქ არ არის საუბარი. აშშ საქართველოს მოუწოდებს, რომ გააძლიეროს ძალისხმევა, რათა პროკურატურა და სასამართლო მიკერძოებული არ იყოს. არც იმაზეა საუბარი, რომ დღესაა მიკერძოებული რომელიმე მათგანი და არც რაიმე დაჟინებულ მოთხოვნაზე.
ვისაც ამ განცხადების კითხვა შეუძლია, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს განცხადება, რეალურად, მხარდამჭერი განცხადებაა. რაც შეეხება სასამართლოს და პროკურატურის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებას, ამაზე ჩვენ მთელი ეს პერიოდია ვსაუბრობთ და ამისთვის განხორციელდა მათ შორის, სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღა. მოწოდება, რომ სასამართლოს და პროკურატურის შემდგომი დამოუკიდებლობისთვის ძალისხმევა გაძლიერდეს, კრიტიკა არ არის“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება, პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლოსა და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით.