„არასამთავრობო ორგანიზაციებმა თქვეს, რომ ტყუილების გავრცელება და შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლებაში არ ჯდება. მოდით, ვიმსჯელოთ ამაზე, ოღონდ არა მხოლოდ Facebook-თან, არამედ ნებისმიერ სივრცესთან მიმართებით“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას Facebook-ის მიერ ასობით ყალბი გვერდის გაუქმების შესახებ.
ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა დაინტერესდეს თუ არა გამოძიება, საიდან იყო დაფინანსებული ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი ყალბი გვერდები და ანგარიშები, კობახიძემ უპასუხა, რომ აუდიტის სამსახურს შეუძლია, ამ საკითხით დაინტერესდეს.
„საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება სამართლებრივ პროცედურებს, შეუძლიათ ჩაეძიონ, რამე თუ იყო დახარჯული სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რამე თუ იყო დახარჯული პარტიებიდან. თუნდაც ეს ნაწილი შეუძლია აუდიტის სამსახურმა ან ნებისმიერმა სუბიექტმა გამოიკვლიოს. ამისთვის კანონმდებლობით შესაბამისი პროცედურებია გაწერილი. ნახავენ და თუ სადმე დარღვევა დაფიქსირდა, შესაბამისი სანქციებიც არის დაწესებული“, - განაცხადა კობახიძემ.